უსუფაშვილი: არ მგონია, რომ გელაშვილის ცემა კოდუამ და სირაძემ მოიფიქრეს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეს გაგრძელება ექნება. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, მას არ ჰგონია, რომ ვალერი გელაშვილის ცემა გამოძიების მიერ დასახელებული ადამიანების თავში მომწიფდა.

"არავისთვის მოულოდნელი არ იყო პროკურატურის დღევანდელი განცხადება. არავის ჰქონდა ეჭვი, რომ მაშინ ვალერი გელაშვილი უცხოპლანეტელებმა სცემეს. ჩვენ არ ვიცოდით მხოლოდ გვარები, სახელები და კონკრეტული შემსრულებლები. 9 წლის შემდეგ, ეს საქმე გახსნილად გამოცხადდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს ექნება გაგრძელება. არ მგონია, ეს თემა იმ ადამიანების თავში მომწიფდა, ვინც გამოძიებამ დაასახელა. ბრალდებულები ალბათ აგვიხსნიან, თავად მოიფიქრეს საკუთარ კაბინეტში ვალერი გელაშვილის დასჯა, თუ ვინმე სხვამ დაავალა. ეს შემდგომი განხილვისა და გარკვევის საგანი უნდა გახდეს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის დღე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, რაც არასდროს უნდა განმეორდეს.

"ამას უზრუნველყოფს დანაშაულის გახსნა. კარგია, რომ დანაშაული გაიხსნა, ცუდია, რომ ამ პროცესს 9 წელი დასჭირდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს.

კომენტარები