ხიდაშელი: წიკლაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ერეკლე კოდუასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების მონაწილეობით თუ დავალებით ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით და ამ მაღალჩინოსნებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

"ვალერი გელაშვილს სცემეს სასტიკად, მე ის ივლისის ცხელი დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გაიგო მისი ამის შესახებ. გელაშვილი ჩვენი პარტიის წევრი იყო, ის გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა შესაძლებობა, სპეციალური თვითმფრინავი ჩამოფრენილიყო ლიტვიდან, რომელმაც ის ლიტვაში წაიყვანა, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. სხვა შემთხვევაში ის ვერ გადარჩებოდა და ქართველი ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ აძლევდნენ. ეს ფაქტი მოხდა, ეს ფაქტი საჭიროებს გამოძიებას.თუ სასამართლოშიც დადასტურდება, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობს და მე ამასი ეჭვი არ მეპარება, რომ კოდუას ორგანიზებული იყო და მისი დავალებით მოქმედებდნენ ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდა.

ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით, ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, სასაფლაოზე ხოცავდნენ, ამას აკეთებდნენ ქართველი მაღალჩინოსნები ან თვითონ ან მათი დავალებით და ეს ქართველი მაღალჩინოსნები კანონის წინაშე უნდა წარსდგნენ", - თქვა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ასევე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის გამოძიება არ არის გაჭიანურებული.

"ის, რომ პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, ცოტა სასაცილოდ არ გეჩვენებათ ეს განცხადება? როდესაც 2005 წელს ნაცემი გელაშვილის საქმეს 2014 წელს ვხსნით. ზუსტად ისევე ვარ გაბრაზებული ვარ წიკლაურის ცემაზე, ზუსტად ისევე არა, როგორც გელაშვილის შემთხვევაში, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ვალერი გელაშვილი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ძალიან მძიმე შემთხვევაა და ეს საქმეც უნდა იყოს გამოძიებული. ნამდვილად არ მეჩვენება, რომ წიკლაურის საქმის გაჭიანურება ხდება. 9 წლის შემდეგ გავხსენით ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და არ მივიღებ არცერთ კრიტიკას 1 თვის თავზე, რომ თურმე რაღაც საქმეს ვაჭიანურებთ", - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები