ევროკავშირი

უსუფაშვილი: ევროკავშირის ღია კარი არ ნიშნავს, რომ შესვლა დღესვე შეგვიძლია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას იქ შესვლა დღესვე შეუძლია. როგორც უსუფაშვილმა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, საქართველოს მთავარი ამოცანა ასოცირების შეთანხმების გაფორმებაა.

"პირველად მოხდა, როცა ევროპარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კონსტიტუციის 49-ე მუხლი გამოყენებადია საქართველოსთვისაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დახურული კი არ არის, არამედ ღიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შესვლა დღესვე შეგვიძლია. ასე ევროკავშირში არც ერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა. პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები წლების განმავლობაში იცდიდნენ და მუშაობდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ზოგ მათგანს 10 წელზე მეტი დასჭირდა", - უთხრა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ლორან ფაბიუსთან და შტაინმაიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტის მიერ აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და დესტაბილიზაციის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ”საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე”.

კომენტარები