საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

უსუფაშვილი: სამიტზე იქნება ჩვენთვის და NATO-სთვის სასარგებლო გადაწყვეტილება

David Usupashvili Official

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "შევჯერდით იმაზე, რომ სექტემბრის სამიტზე იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, სასარგებლო გადაწყვეტილება NATO-სთვის და ეს პირველ რიგში განხილული იქნება საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტების მიხედვით". როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება საქართველოსთან დაკავშირებით. მისივე თქმით, "თავად NATO-ს კითხვა არ აქვს იმის თაობაზე, აპირებს თუ არა გაფართოებას სამხრეთ კავკასიაში, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია".

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში იყო და არის გარკვეული სტერეოტიპები, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ ევროპა მხარს გვიჭერს, ხოლო საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები სხვა პოზიციაზე დგანან. მისი თქმით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ლორან ფაბიუსთან დღევანდელმა საუბარმა დაარწმუნა, რომ ეს ასე არ არის.

"უბრალოდ, გერმანიას, საფრანგეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი კითხვები, არგუმენტები, მოსაზრებები ტაქტიკასთან დაკავშირებით - თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი და არა კითხვები იმის თაობაზე, უნდა შედგეს თუ არა ეს პროცესი. ორივე მინისტრმა დაადასტურა NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯები იქნებოდა უპრიანი და უფრო ეფექტური, რათა ამ პროცესში საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო და არა უფრო მეტი რისკის ქვეშ, ამაზე საუბარი საჭიროა", - თქვა უსუფაშვილმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი ქართველ კოლეგას, ასევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

კომენტარები