წინასაარჩევნო გარემო

ISFED: დაფიქსირდა ენმ-ისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის 5 შემთხვევა

ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 20 აპრილამდე წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ოთხი და სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის ერთი შემთხვევა დააფიქსირა. ISFED-ი რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს - წინასაარჩევნო შეხვედრებზე მაქსიმალურად უზრუნველყოს წესრიგის დაცვა იმგვარად, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს მიეცეს ამომრჩეველთან მშვიდ ვითარებაში შეხვედრის საშუალება. ასევე, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო დაწესებულებებს - თავიანთ უწყებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განუმარტონ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში მიიღონ მკაცრი დისციპლინარული ზომები.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა 2014 წლის 10 აპრილს თელავში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიელისა და კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან. ამასთან, ISFED-ი აღნიშნავს, რომ კონტრაქციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებიც. 

სამართლიანი არჩევნების პირველ შუალედურ ანგარიშში შევიდა 10 აპრილს, ანაკლიაში ქართული ოცნებისა და ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს აქტივისტების მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის - თენგიზ გუნავას წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა; 12 აპრილს, ზუგდიდში, ენმ-ის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენა, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ასევე, 7 აპრილს, ახალციხეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრა, რომელიც ხმაურისა და ქართული ოცნების აქტივისტების პროტესტის ფონზე წარიმართა.

სამართლიანი არჩევნები ანგარიშში აღნიშნავს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვერცხების სროლა მოჰყვა 10 აპრილს, ქ. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - გიგი უგულავას გამოჩენასაც, რაც ერთი პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებით, ხოლო მეორესთვის დაჯარიმებით დასრულდა.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი ფაქტი საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურზე და სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ დაუდგენიათ სამართალდამრღვევი პირების ვინაობა და მოტივი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ატარებს.

ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება 2014 წლის 31 მარტს დაიწყო, თუმცა, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. 

კომენტარები