წინასაარჩევნო გარემო

ISFED: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაკავების 6 ფაქტი დაფიქსირდა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი ანგარიშის მიხედვით, 20 აპრილამდე პერიოდში, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაპატიმრების 6 ფაქტი დაფიქსირდა. ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა 10 თებერვალს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების - ხონის გამგებელ ზურაბ ჯიბუხაიას და მისი მოადგილის - ბესარიონ ჭელიძის დაკავების ფაქტები. ასევე, თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ბრალდებით, 11 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დუშეთის საკრებულოს მოადგილის ზურაბ ოტიაშვილის დაკავება. 

გარდა ამისა, თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით 2014 წლის 28 მარტს დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, სოფელ ხალას რწმუნებული - მალხაზ დიასამიძე. 2014 წლის 29 მარტს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, რომელიც საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, თუმცა ამჟამად უპარტიოა. ასევე, ანგარიშში მოხვდა სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის, 2014 წლის 1 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის იასონ ჭუმბურიძის დაკავების ფაქტი, რომელიც შემდეგ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას" - აღნიშნავს ISFED-ი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ატარებს.

ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება 2014 წლის 31 მარტს დაიწყო, თუმცა, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე. 

კომენტარები