პანორამა - თბილისი

”პანორამა - თბილისის” განხორციელებაზე თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა

თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2014 წლის 27 მარტს მერიაში შევიდა განცხადება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ უკავშირდება მოცემული ტერიტორიების შემდგომ სამშენებლო განვითარებას - ე. წ. პანორამა თბილისი პროექტის განხორციელებას.

”საკითხის განხილვას, რომელიც საჯაროდ გაიმართა, დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრის მონაწილეობით, ესწრებოდნენ ასევე თავად პროექტის იდეის ავტორები, რომელთაც სრულად მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მათი მოსაზრებები და დაესაბუთებინათ მოთხოვნის საფუძვლიანობა, რომლის ირგვლივაც უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი კითხვა გააჩნდათ, როგორც საკითხის განმხილველი კომისიის წევრებს, ასევე განხილვაზე დამსწრე საზოგადოებას.

იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გასაცემის მიზანშეწონილობა, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა და ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომლის თანახმად, თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.

კომისიამ განმცხადებელს რეკომენდაციები მისცა, რომელთა გათვალისწინებისა და სხვა საჭირო მასალის წარმოდგენის შემდეგ, საბჭოს შესაძლებლობა ექნება იმსჯელოს დაყენებული მოთხოვნის შესახებ. კერძოდ:

წარმოდგენილი კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობით პროექტი პირველ ეტაპზე ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ–ეკონომიკური კუთხით კვლევა–დასაბუთებას საჭიროებს, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ტერიტორიის სწორად შერჩევა ქალაქგეგმარებითი კუთხით შედარებითი კვლევა-ანალიზის საფუძველზე”, - წერია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობით, თბილისს დასაბუთებული მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია პოტენციალი ალტერნატიულ ტერიტორიებზე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად:

”რკინიგზის გადატანით ქალაქის ცენტრში გამონთავისუფლდება დაახლოებით 80 ჰექტარი ტერიტორია, რაც იძლევა ქალაქის ახალი ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის დაგეგმარების საშუალებას ჯანსაღი ინფრასტრუქტურით, რომელიც უმტკივნეულოდ გახდება ქალაქის ორგანიზმის სრულყოფილი ნაწილი და სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას;

ასევე შესაძლებელია შეირჩეს ჩუღურეთის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე (არსენალის მთა) ფერდობზე არსებული ყოფილი არსენალის ტერიტორია ანალოგიური იდეის „პანორამული ხედებით თბილისზე" განხორციელება, საიდანაც საინტერესო ხედები იხსნება ისტორიული თბილისის პანორამით.

გარდა ამ უპირატესობისა, აღნიშნულ ტერიტორიას გააჩნია შემდგომი განვითარების პერსპექტივა, თბილისის ზღვის მხარეს ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. არანაკლებ საინტერესოა ამ მიმართულებით თბილისის ზღვის მიმდებარედ უკვე აქტიურად განვითარებადი სარეკრეაციო სივრცე.
იმისათვის, რომ საბოლოოდ შერჩეული ტერიტორიისთვის დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება განმცხადებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს კვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) პირველ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, მათ შორის საპროექტო კონცეფციის ძირითად მიზნებს, ამოცანებსა და დაგეგმარების მიზანშეწონილობას, მოთხოვნილების აუცილებლობისა და შერჩეული ტერიტორიის უპირატესობის დასაბუთება–ანალიზს.
ბ) შერჩეული საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტო სურათი არსებული მდგომარეობით და ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტოები.
გ) საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა.
დ) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი გეოლოგიური და სეისმური მონაცემები.
ე) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი კლიმატური (ბუნებრივი ნალექების, ქარის, მზის გამოსხივების) მონაცემები.
ვ) საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები.
ზ) საპროექტო ტერიტორიის ისტორიული კვლევა.
თ) საპროექტო ტერიტორიის ეკოლოგიური და გამწვანების მონაცემები.
ი) საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ საინჟინრო ინფრასტრუქტურა და მოსალოდნელი ცვლილებები ქალაქის ქსელებზე დატვირთვის გაზრდასთან დაკავშირებით.
კ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ძირითადი გამჭოლი გზებისა და ქუჩების ქსელი, ტრანსპორტის ანგარიშები და მოსალოდნელი დატვირთვები ქალაქთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო არტერიებზე და კვანძებზე.
ლ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები”, - წერია განცხადებაში.

კომენტარები