რელიგია

მქადაგებელი ჟურნალისტები

აღდგომის დღესასწაულს ჩვენ სავალალო რუტინითა და ბევრი ტყუილით ვხვდებით. თითქოს აღსრულდა სახარებისეული დაპირება: „ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ" (მათე 3;10). დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მედია ამბიონზე დგება და ერთ ხმაში გვიქადაგებს, რომ იერუსალიმის წმინდა სინათლის ღვთისმსახურება, სინამდვილეში ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულია, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას მოწმობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იწვევენ ექსტრემისტი მღვდლების ჯგუფთან დაახლოებულ მამა დავით ლასურაშვილს და წინასააღდგომო ეთერში, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ისედაც უკიდურესად ნაკლულ ვერსიაზე თავდასხმის შესაძლებლობას აძლევენ.

ქადაგებს ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ავტორიც, რომელსაც მორჩილად და კანონიკურად მიჰყავს გადაცემა. ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ახალი ამბების წამყვანი კი, სრულიად არაორაზროვნად გვიკითხავს ამონარიდებს საპატრიარქოს ყვითელი პრესიდან და აზრადაც არ მოსდის, რეალობასთან ბალანსი დაიცვას. საუბარი აღარ არის მაუწყებლობის შესახებ კოდექსზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს შეინარჩუნოს რელიგიური ჯგუფებისგან დამოუკიდებლობა და არ გახდეს სიძულვილის წამახალისებელი ან გამტარი. კოდექსზე აპელირება ჩვენი მხრიდან მიამიტობაა, როცა არ არსებობს მინიმალური პატივისცემაც კი ამ საყოფაცხოვრებო ფიზიკის მიმართ – არაფერი უკვალოდ არ იკარგება და არაფერი თავისით არ ჩნდება.

ათასგვარი სააგენტო, დიდი თუ მცირე, ყველა გაჰყვირის, რომ ცეცხლი გარდამოვიდა და სამყაროს შეუძლია ერთი წლით ამოისუნთქოს, რადგან აპოკალიფსს ამ წელს გადავურჩებით. მესმის, რომ ჩვენთან სახარებას უფრო კოცნიან, ვიდრე კითხულობენ, მაგრამ ღირს გავიხსენოთ, რომ ეს იმ ღმერთის მეორედ მოსვლის განრიგზეა საუბარი, რომელმაც თქვა: „აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ; 16; 15).

ჩვენს მედიას შესაძლოა კიდეც აცნობებენ ხოლმე მპარავები, როდის აპირებენ მის გაქურდვას, მაგრამ ჩემს ბედკრულ სამყაროში, სამწუხაროდ, წინასწარ არავინ არავის აფრთხილებს. და თუ რატომ არ გააფრთხილა ქრისტემ მეორედ მოსვლის შესახებ ქრისტიანები, ძალიან კარგად ირკვევა იმავე ციტატიდან – ყოველ წამს შეიძლება დადგეს აღსასრული, შესაბამისად, ყოველ წამს ქრისტიანი საკუთარი ცხოვრებით ამისთვის მზად უნდა იყოს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, გამოყონ რელიგიის ჟურნალისტები, რომ მათ კვალიფიციურად გააშუქონ რელიგიური მოვლენები. რასაკვირველია, საპატრიარქო არა სეკულარული მედიის განვითარების სურვილით, არამედ ჩვენი ჟურნალისტების ქადაგების დახვეწის მოთხოვნითა და უკეთესი პროპაგანდის განხორციელების ინიციატივით გამოდიოდა, მაგრამ შესაძლოა ის მართალი იყო თეორიაში. ჩვენი მედია რელიგიის ჟურნალისტიკის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს.

ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის, რომ არ არსებობს არანაირი საყოველთაო შეთანხმება ქრისტეს საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ, არასდროს დაინტერესებულა ცეცხლის რიტუალის ისტორიით, არასდროს მიუმართავს სპეციალისტებისთვის, არასდროს დაურეკავს სომხური მხარისთვის, რომელიც ამ რიტუალში თანასწორად მონაწილეობს, არასდროს დაუსვამს კრიტიკული კითხვა – რომც არ უნდოდეს, ბუნებრივია, ჩართული კამერების წინ მხოლოდ ქადაგებას შეძლებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 6% სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრია, თუ გადაცემაში ეპატიჟები მართლმადიდებელ მღვდელს, რომელიც ამ რიტუალში მონაწილეობს – რატომ არ ეპატიჟები სომეხ სასულიერო პირს?

და როდესაც შენ წინ ზის მართლმადიდებელი მღვდელი, რატომ არ მოგდის თავში ჰკითხო, რას ფიქრობს ის რამდენიმე წლის წინ, ბერძნულ არხ MEGA-ს ეთერში, იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტ კორნილიუსის განცხადებაზე, რომ ამ ცეცხლს სინამდვილეში ანთებენ? მიტროპოლიტმა კორნილიუსმა ცეცხლი 2001 წელს „მიიღო" და ინტერნეტში ხელმისაწვდომია მისი განცხადებაც: „პატრიარქის ლოცვებს აქვთ ძალა, წმინდად აქციონ ბუნებრივი ცეცხლი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ცეცხლზე, მაგრამ ლოცვები მას წმინდა ცეცხლად აქცევს და, შესაბამისად, გვაქვს წმინდა ცეცხლი. ეს ბუნებრივი ცეცხლია, რომელსაც ლამპარიდან ვანთებთ".

როდესაც მედია ისეთ რელიგიურ-პოლიტიკურ მოვლენას აშუქებს, როგორიც ცეცხლის რიტუალია – სავსებით ლოგიკურია, მან ემპირიის მხარე დაიკავოს და თქვას, რომ არანაირ სასწაულს ადგილი არ აქვს. თუ ერთხელაც საპატრიარქო გამოაცხადებს, რომ პატრიარქისთვის დაბადების დღეს ნაჩუქარი ცხენი ევანსი ყოველ ოთხშაბათ დღეს თბილისის ანძის გარშემო დაფრინავს და მანევრირებს, ან ქართლის დედის ძეგლი თვალებს აფახულებს და ხმალს იქნევს, ზუსტად მაშინ, როცა მას ვერავინ ხედავს, ჩვენ ამ „სასწაულის" წინაშეც უნდა დავრჩეთ „მიუკერძოებლები" და დავუშვათ, რომ ცხენები მართლაც დაფრინავენ და ძეგლები ცოცხლდებიან? რით განსხვავდება ამ ორი შემოთავაზებული სცენარისგან ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი, ან მითები წმინდა კალმახების შესახებ? არაფრით. ორთავე თანაბრად ეწინააღმდეგება ფიზიკას და ჩვენთვის ნაცნობ ყველა კანონს.

ამერიკელმა სცენარისტმა და პროდიუსერმა, ცნობილი ტელესერიალების The West Wing-ისა და The Newsroom-ის შემოქმედმა, აარონ სორკინმა, ერთხელ თავის გმირს ათქმევინა:

„მე ყველაზე მეტად მაღელვებს მედიის დამოკიდებულება პატიოსნების მიმართ. ადამიანებმა შეწყვიტეს გამოიყენონ სიტყვა „ტყუილი". უცბად ეს ყველაფერი აღმოჩნდა „განსხვავებულობა შეხედულებებში". თუ მთელი რესპუბლიკური ფრაქცია ერთხელ განცხადებას გააკეთებს, რომ დედამიწა ბრტყელია, მეორე დღეს The New York Times-ში გაჩნდება სათაური: „დემოკრატები და რესპუბლიკელები დედამიწის ფორმაზე ვერ თანხმდებიან".

ჩვენი ჟურნალისტების დიდ ნაწილს ამ სასწაულის უბრალოდ სწამს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მის მოვალეობებში არ შედის საზოგადოების იმგვარი ინფორმირება, რომ მათ რაციონალურ საფუძველზე საკუთარი ხვედრის გაუმჯობესება შეძლონ. მაგრამ ეს კომპლექსი მშიშრების ხვედრია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ „მართლმადიდებლების ნაწილის რწმენით ქრისტეს სავარაუდო საფლავზე, წმინდა ცეცხლი სასწაულებრივად გარდამოვიდა, თუმცა იერუსალიმის საპატრიარქო, განსხვავებით სხვა საპატრიარქოებისგან, მას სასწაულს არ უწოდებს", – როგორც ეს ტაბულამ გააკეთა. არ არის აუცილებელი აგრესიული ტონი, ჩვენ უბრალოდ უნდა გადავავლოთ თვალი ისტორიას და ცივი გონებით მიმოვიხილოთ მოვლენა. როცა ამას შევძლებთ, აღმოვაჩენთ ბევრ რამეს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავუგოთ იმ ქრისტიანებს, რომლებმაც უძველესი ცეცხლის მსახურება, დღესაც რომ აღასრულებენ, მაგალითად, ვატიკანში, სასწაულად მონათლეს ადრეულ საუკუნეებში. ისტორიკოსები განმარტავენ – რომ არა ამ სასწაულის შეთითხვნა, ტაძრის საძმო თავს ვერ დაიცავდა მტრისგან. მტერი კი ცრუმორწმუნე და სასწაულების მოშიში იყო, რამხელა არმიაც არ უნდა ჰყოლოდა.

რასაც ახლა მედია აკეთებს, ჩვენ გვთიშავს რეალობისგან, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წყალობით. მრავალი მართლმადიდებელი მორწმუნე ამ სასწაულზე აფუძნებს საკუთარ რწმენას. ცეცხლის ჩამოტანა და შესვლა სამების საკურთხეველში უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევს მორწმუნეებში, ვიდრე ევქარისტიის საიდუმლო. როცა შევეცდებით რეალობას ვუერთგულოთ, აღმოვაჩენთ, რომ წმინდა კირილე იერუსალიმელი, დიდი შაბათის ღვთისმსახურების აღწერისას, გაკვრითაც არ ახსენებს ამ „ყოველწლიურ უდიდეს სასწაულს, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას ამოწმებს".

წმინდა კირილე წერს: „მალე მოისმენთ საკითხავს, რომელშიც გამოთქმულია კეთილი უწყება: განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, შენი ნათელი მოდის...". პროფესორი უსპენსკი სვამს ლოგიკურ კითხვას: სად უნდა გაჟღერებულიყო, თუ არა აქ, სიტყვები სასწაულებრივი ნათლის შესახებ? მაგრამ კირილე დუმს.

მედიაპროპაგანდა საშუალებას აძლევს მონოლითურ რელიგიურ ჯგუფს, ძალაუფლება გაზარდოს და კიდევ უფრო დაჩაგროს ის, ვისი სარწმუნოების ჭეშმარიტებასაც ეს ცეცხლი არ მოწმობს. რომელი ჟურნალისტი აიღებს პასუხისმგებლობას რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვებზე, რომლებსაც ბრწყინვალე სამშაბათს სკოლაში მისვლა აღარ უნდათ, რადგან ყველა გაახსენებს გუშინწინდელ პირდაპირ ეთერს და მოუწოდებს რწმენა შეიცვალონ? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას მის შეურაცხყოფაზე, როცა ამ ცეცხლს ის უარყოფს და მას მინიმუმ დასცინებენ და მაქსიმუმ სცემენ? მზად არიან „მიუკერძოებელი ჟურნალისტები" შეეგუონ პროპაგანდის თუნდაც ამ უკუეფექტს? ვფიქრობ, მზად არიან. გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ჩვენს ჟურნალისტებს უფრო ჭკუა კი არა, მორალი აკლიათ.

კომენტარები