საქართველო-აშშ

თომას მელია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. მხარეებმა 2013 წლის აპრილში დასახული მიზნების პროგრესი და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წევრები, სამინისტროების წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც ესწრებოდნენ. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს, რომელიც თომას მელიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ერთობლივი პრესკონფერენციისას გააცნეს.

დოკუმენტის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა განიხილა ქვეყნის ძალისხმევა, რომელის მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისაკენ, პოლიტიკური ძალაუფლების ჯეროვანი გადანაწილებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისაკენ. განხილულ იქნა ასევე მდგომარეობა პოლიტიკური პლურალიზმის, საარჩევნო პროცესის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილობრივ დონეზე პირდაპირი წესით არჩევითი თანამდებობების გაზრდა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სასამართლო რეფორმები, რის შემდეგაც არჩეული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა, წარმოადგენს ბოლოდროინდელ პოზიტიურ ნაბიჯებს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. სამუშაო ჯგუფმა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვა აშშ-ის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი".

შეხვედრის შემდეგ თომას მელიამ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის სამუშაო ჯგუფის მრავალფეროვნება მეტყველებს იმაზე, რომ ქართულმა დემოკრატიამ ზრდა განიცადა. "შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ როგორც მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პარლამენტის წევრები, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიცის მხრიდან და წარმოდგენილი იყვნენ ასევე ომბუდსმენის წარმომადგენლები. ეს საკმაოდ უცხოა ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ გვიხდება შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ეს ნამდვილად მეტყველებს იმ დიდ ზრდაზე, რომელიც ქართულმა დემოკრატიამ უკანასკნელ პერიოდში განიცადა", - აღნიშნა თომას მელიამ.

 

კომენტარები