აგრარული უნივერსიტეტის საქმე

ბენდუქიძის აზრით, მის წინააღმდეგ ბრალდებისთვის საფუძველი არ არსებობს

tabula.ge

აგრარული უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მართლმსაჯულებისადმი შერჩევით დამოკიდებულებას თავად სახელისუფლებო გუნდის წევრებიც არ მალავენ: „დავაკვირდეთ, რას ამბობენ მთავრობის წევრები, ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ: ჩვენ დავპირდით ხალხს, გამოვიძიოთ წინა ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ადამიანების საქმეები, მაგრამ არ გამოვიძიოთ იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც ადრე იყვნენ წინა ხელისუფლებაში და ახლა ჩვენთან არიან..."

მისი თქმით, მან ზუსტად არ იცის, რითია გამოწვეული სამართალდამცველების ინტერესი კონკრეტულად მის მიართ. „შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ მე ტონობით ფული მიმაქვს ნაციონალურ მოძრაობაში, ან ჰგონიათ, რომ უნივერსიტეტში ხალხს ვზრდი ამ ხელისუფლების მიმართ სიძულვილით - მე ხომ არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ მათ ჩემზე...", - აღნიშნა ბენდუქიძემ.

მისი თქმით, პირდაპირი მიყიდვის რეჟიმი, რასაც მას ედავებიან, გავრცელებული პროცედურაა იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს რაიმე სხვა სარგებლის მიღება უნდა, შემოსავლის მიღების გარდა. ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ აგრარულ უნივერსიტეტში 9 მილიონი ლარი გადაიხადა და არა 1 ლარი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. „წინა პრემიერმა ისიც კი თქვა, საერთოდ გამოსაძიებელია, რასა ასწავლის ის მანდო...", - თქვა ბენდუქიძემ. მისი თქმით, ეს გამჭვირვალე გარიგება იყო, მყიდველად კი არაკომერციული არამომგებიანი იურიდიულ პირი გამოდიოდა, შესაბამისად, იგი თავად რაიმე ფინანსურ სარგებელს ამ გარიგებიდან ვერ მიიღებდა.

კახა ბენდუქიძის მტკიცებით, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერანაირი კანონიერი გზით ვერ დადგება, რადგან საუბარია ქონების გაფლანგვაზე, მაგრამ ის, როგორს კერძო პირი, სახელმწიფო ქონებას ვერ გაფლანგავდა. თანაც, გადაწყვეტილება მთელმა მთავრობამ მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა, შესაბამისად, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელ ერთი პირი არ არსებობდა.

ბენდუქიძის აზრით, მისი პასუხისმგებლობის „ერთადერთი თეორიული ვარიანტია", თუ რომელიმე მოწმე იტყვის, რომ „ბენდუქიზემ დასტა ფული ჩაუდო მიხეილ სააკაშვილს". სხვა შემთხვევაში საქმეს მის წინააღმდეგ იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

ბენდუქიძის განცხადებთ, თუ ყველა მთავრობამ წინა მთავრობის წევრებზე საქმეები აღძრა, ეს არასწორი გზა იქნება. „2004 წელს მთავრობაში იყო ბევრი დისკუსია, როგორი ბედ უნდა ეწიოს შევარდნაძეს. მე ვუყავი მათ შორის, ვინც თვლიდა, რომ შევარდნაძის დროს მოხდა ბევრი არასწორი რამ, იყო კორუფცია, ძალადობა, არჩევნების გაყალბება, მაგრამ ქვეყნის ცივილიზებულობა გამოიხატება მათ შორის იმაში, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ საშუალება იარონ ქვეყანაში და აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ანუ აღარ იყონ არჩეულები", - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.

აგრარული უნივერსიტეტის გაყიდვის საქმეზე კახა ბენდუქიძე 18 მარტს დაიკითხა. საქმე პროკურატურაში სახელწმიფო ქონების გაფლანგვის ფაქტზეა აღძრული.

კომენტარები