ანტიდისკრიმინაციული კანონი

პატრიარქი პარლამენტს: გადადეთ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პარლამენტს მიმართავს, კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება გადადოს. ილია მეორე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვაში, "პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ეკლესიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობა, რათა მიიღწეს შეთანხმება და ნაჩქარევმა ქმედებამ უარყოფითად არ იმოქმედოს ევროპისაკენ ქვეყნის სწრაფვაზე". ილია მეორის განცხადება საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა და აღნიშნა, რომ განხილვის დაწყების შემთხვევაში, საპატრიარქო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან. 

განცხადების მიხედვით, საქართველოს ეკლესია მიუღებლად მიიჩნევს ძალადობასა და დისკრიმინაციას, რადგან ქრისტიანული რელიგია სიყვარულის რელიგიაა და მისი სწავლება სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, თუმცა, პატრიარქის შეფასებით, "ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნების - "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობა" - შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით".

პატრიარქის განცხადებით, "ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად". განცხადების მიხედვითვე, საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას.

"ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის. ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს, საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. 110 მომხრე - არცერთი წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. ისინი დეტალების განხილვას მეორე მოსმენაზე აპირებენ. 17 აპრილის სესიაზე გადაწყდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. ამასთან, კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კანონის არცერთი დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესია შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას. 

კანონპროექტზე უკვე იმსჯელეს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების სხდომებზე. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობოები, სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ესწრებოდნენ. დეკანოზი დავით ისაკაძე იმ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, ანათემაზე გადაცემით დაემუქრა. შენიშვნები ძირითადად სექსუალური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით იყო. ჯონდი ბაღათურია ჰომოსექსუალებისთვის საგანმანათლებლო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას მოითხოვდა.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შევიდა, თუმცა არასამთავრობოების შეფასებით, ის რადიკალურად განსხვავდებოდა მათ მიერ შემუშავებული ვერსიისგან. მათი განცხადებით, კანონპროექტი სანქციებს არ ითვალისწინებს და ამ სახით მისი მიღება მხოლოდ ფორმალობა იქნება. პარლამენტში შეტანილი ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორი მთავრობის კანცელარიაა. თეა წულუკიანმა ცვლილების კომენტირებისას შიდაპარტიული დაპირისპირება გამორიცხა, თუმცა აღიარა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვარიანტი მისთვის უფრო მისაღები იყო.

საქართველოს ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ ევროკომისიამაც მოუწოდა. შესაბამისი რეკომენდაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ 2013 წლის ანგარიშში მოხვდა.

კომენტარები