ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

კალაძე: ყოფილი ნაციონალები ჩვენს საარჩევნო სიაში არ იქნებიან

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები კოალიციის საარჩევნო სიაში არ იქნებიან. ამასთან, ვიცეპრემიერმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა სიაში საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.

"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის მასშტაბით. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ საარჩევნო პროპორციულ სიებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს, ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ყოფილ ნაციონალებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ - მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომ ასეთი პიროვნებები სიაში არ იქნებიან", - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. ის, 2013 წლის 26 ივლისს, მას შემდეგ, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავვლესობა დაკარგა, საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 

კომენტარები