ანტიდისკრიმინაციული კანონი

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული პაკეტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად მიმდინარეობს მიმდინარეობს. მას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.

პროექტის განხილვის დაწყებამდე დეკანოზი დავით ისაკაძემ კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის წერილი წაიკითხა.

განხილვაში მონაწილოების მიღების მიზნით კომიტეტის სხდომას დეპუტატებთან ერთად ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, გიორგი ახვლედიანი. პარლამენტში იმყოფებიან სასულიერო პირები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის საფუძველზე პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს.

ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. პატრიარქისთვის პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მიუღებელია.

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კონსტიტუციაში არარსებული ცნებების "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოების აზრით, ეს კანონპროექტი იწვევს ყველა რელიგიის აღიარებული ძირითადი თეორიის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს კი, თავის მხრივ საზოგადოების ფართო ფენების დისკრიმინაციის საშიშროებას ქმნის.

კომენტარები