ანტიდისკრიმინაციული კანონი

პარლამენტთან, სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აპროტესტებენ

0 კომენტარი

ქუთაისსა და თბილისში, პარლამენტის მოქმედი და ყოფილი შენობების წინ, სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, "თუ პარლამენტი მსგავსი კანონის მიღებას გააგრძელებს, მთელი საქართველო ფეხზე დადგება". აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასულიერო პირების გარდა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები სავედრებელი პარაკლისის გადახდასაც აპირებენ. მმკ-ის წარმომადგენლის ავთანდილ უნგიაძის თქმით, ამით ისინი ღმერთს შესთხოვენ დახმარებას. მღვდელი დავით ისაკაძე კი აცხადებს, რომ დეპუტატებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ანათემას გადასცემენ.

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გვიან საღამომდე გაგრძელდა. მსჯელობას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვდნენ. საპროტესტო განცხადებების შემდეგ მათ დარბაზი დატოვეს.

კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამაც. მისი თქმით, ის რაც საკომიტეტო განხილვაზე ხდებოდა, პარლამენტზე ძალადობაა.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის ავტორი შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს. უმრავლესობის წევრები და სასულიერო პირები კანონის მოქმედების სფეროს დაკონკრეტების წინააღმდეგი იყვნენ. კანონპროექტის ავტორები, სავარაუდოდ, არ დააკმაყოფილებენ არასამთავრობოების მოთხოვნას სანქციების გათვალისწინების შესახებ. მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და მასში ჯარიმის მექანიზმის დამატება გამორიცხულია. კანონს სიმბოლურს უწოდებს უმცირესობა, თუმცა მას მხარს მაინც დაუჭერენ.

ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კანონის მიღებით, საქართველომ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება უნდა დაამტკიცოს.

ამ დრომდე უცნობია, განიხილავს თუ არა პარლამენტი კანონს მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე. როგორც ბიუროზე გახდა ცნობილი, ავტორებს კანონპროექტში ცვლილებები შეაქვთ და თუ დოკუმენტი დღის განმავლობაში მომზადდება, ბიურო დღის წესრიგს კიდევ ერთხელ განიხილავს.  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები