არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე

"მოქალაქის" დაკვეთით, საქართველოში მედიაგარემოს TNS-ი შეისწავლის

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Артема Голощапов / Forbes

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე კომპლექსური კვლევის ჩატარებას და საქართველოში მედიაგარემოს შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარემ და მოქალაქის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი უპრეცედენტოა, რადგან, როგორც წესი, მედიაგარემოს შესწავლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხდება, ეს პროექტი კი, პერმანენტული იქნება. 

"პროექტი გაწერილია დროში და არანაირად არ არის მიბმული არჩევნებზე. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება რამდენიმე წამყვან მსოფლიო ორგანიზაციასთან და ამ მოლაპარაკების შედეგად შევარჩიეთ უმძლავრესი კვლევითი ორგანიზაცია, მსოფლიო დონის კორპორაცია "თი-ენ-ესი", რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს საქმიანობას. აღნიშნული პროექტი დაქოქვის სტადიაშია. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებულია და აღნიშნული კორპორაციის კვლევის პირველი შედეგები 3 თვის შემდეგ დაიდება", - აღნიშნა ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, პროექტი სულ მცირე ერთ წელს გასტანს და შემდეგ, შესაძლოა, გაგრძელდეს.

"ეს პროექტი მოგვცემს ობიექტურ სურათს მედიაგარემოსა და ხარისხის შესახებ", - თქვა ჩხეტიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე 2014 წლის 23 იანვარს დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა. ამასთან, როგორც 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერეციაზე ივანიშვილმა განაცხადა, მოქალაქის დანიშნულება იქნება, დაეხმაროს მედიას ტრენინგების და სხვა კვალიფიკაციის გადამზადებაში.

"ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუკეთებთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი. დავეხმარებით გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის გაკეთების საშუალება ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას, დროული და, რაც მთავარია, ობიექტური. მედია ასე გაუზრდის საზოგადოებას თვისებას, რასაც ჰქვია დაქირავნობა. ასევე მომზადდება პერმანენტული კვლევები, რომლებიც მედიის მუშაობას შეაფასებს", - თქვა ივანიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები