საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

GPB-ის ძველი მეურვეები მონიტორინგის საბჭოში შევლენ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის წევრები, რომლებიც თანამდებობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ აღადგინა, მონიტორინგის საბჭოში შევლენ. მაუწყებლობის შესახებ კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტარებმა დაჩქარებული წესით უკვე განიხილეს.

ცვლილებების მიხედვით, მონიტორინგის საბჭო პარლამენტის მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას დააკვირდება და შეეძლება, რომ ფინანსური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაყენება მოითხოვოს. მონტორინგის საბჭოს წევრებს 80%-ით ნაკლები ხელფასი ექნებათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, მონიტორინგის საბჭოს შექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნონირებაა. საპარლამენტო უმცირესობა ინიციატივით გამოვიდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს ფუნქციები დროებით საბჭოს ახლადარჩეულმა წევრებმა შეასრულონ. სერგო რატიანის თქმით, უმრავლესობა ვერ აცნობიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსს, რომ ნებისმიერი მედიასაშუალების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარების მცდელობა არასწორია. 

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ინიციატივას დაამტკიცებს, მუშაობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის შვიდი წევრი შეუდგება, რომლებიც დეპუტატებმა ეტაპობრივად დაამტკიცეს - მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, ნათელა სახოკია, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმ წარმომადგენლებს, რომელთაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილება უწყდებოდათ, წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა - საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.

კომენტარები