პოლიტიკა

საქართველოს არჩევანი და უკრაინული გაკვეთილი

გიორგი ბადრიძე
0 კომენტარი

თავისი ისტორიის განმავლობაში საქართველოს წინაშე არაერთხელ მდგარა ყოფნა-არყოფნის საკითხი. დღეს, როდესაც პუტინის რუსეთმა ნათლად გამოამჟღავნა თავისი განზრახვა – აღადგინოს დაკარგული იმპერია, ეს საკითხი ისევ უბრუნდება დღის წესრიგს. 2008 წელს პუტინმა საქართველოს კბილი უკვე მოუსინჯა. მაშინ, რამდენადაც შეგვეძლო, წინააღმდეგობა გავუწიეთ და დანაკარგებით, მაგრამ სახელმწიფო და თავისუფლება შევინარჩუნეთ. რა მოხდება, თუკი უკრაინაში გამარჯვების ეიფორიით შეპყრობილი რუსეთი კვლავ მოგვადგება? ის კი, სამწუხაროდ, ამას გეგმავს.

ექნება ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის დაცვის ნება, თუ „პროვოკაციაზე არწამოგების" ტაქტიკას აირჩევს? ვიქნებით თუ არა ჩვენ – საზოგადოება – ისეთივე ერთიანნი, როგორც მაშინ? და კიდევ უფრო მტკივნეული კითხვა: რამ გამოიწვია, რომ მეხუთე კოლონა, რომელმაც მაშინ თავის გამოჩენა ვერ გაბედა, დღეს უკვე სამალავებიდან გამოძვრა და რუსეთის დროშა ქუჩაში აგვიფრიალა?

დღეს მსოფლიოში ალბათ აღარ დარჩა ისეთი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, ვინც კვლავ ამტკიცებს, რომ აგრესიისთვის რუსეთს სჭირდება საბაბის მიცემა ან მის მიერ დაგებულ მახეში ჩაბიჯება. ოღონდ, პუტინის მიერ ნიღბის მოხსნა საქართველოს უფრო დაცულს არ ხდის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ საქართველოში ვითარება რადიკალურად არ შეიცვალა, რუსეთს დღეს უფრო გაუადვილდება 2008 წელს დაწყებული საქმის დასრულება – საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო დამხობა. ამის პირველი წინაპირობა ჩვენს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება და ურთიერთსიძულვილია. ტრაგედიაა, მაგრამ რეალობა, რომ საქართველოში მრავლადაა ისეთი ადამიანი, რომელიც არ თვლის თავს რუსეთის მოკავშირედ, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით დაუპირისპირდება სხვა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულების მქონე თანამემამულეს, ვიდრე რუს ოკუპანტს.

მოდი ვნახოთ, რა გაკვეთილი შემოგვთავაზა რუსეთმა თავისი ქმედებებით უკრაინაში. პირველი და მთავარი ალბათ ისაა, რომ 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა არ იყო იზოლირებული ინციდენტი, ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (რომლებიც მანამდეც მის კონტროლქვეშ იყვნენ) „დამოუკიდებლობის" აღიარება – ცხელ გულზე დაშვებული შეცდომა. ეს კრემლის გეგმის მხოლოდ პირველი მოქმედება გახლდათ.

მეორე ისაა, რომ გამოიკვეთა კონტურები იმ გაერთიანებისა, რომლის შექმნაც პუტინს ევრაზიული კავშირის სახელით აქვს დაანონსებული, ანუ რა მიზანს ემსახურება რუსული ძალადობა საკუთარი მეზობლების მიმართ.

თუ ვინმეს კიდევ ეგონა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისთვის საკმარისია პრორუსული ხელისუფლების არჩევა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური ნაწილის შეწირვა (ანუ უარის თქმა NATO-სკენ სწრაფვაზე), დღეს ამდაგვარი ილუზიის არანაირი საფუძველი აღარ დარჩა. ეს ნათლად გამოჩნდა უკრაინაში, რომელსაც პრორუსული ხელისუფლებაც ჰყავდა და NATO-ზეც უკანმოუხედავად თქვა უარი. მაგრამ რუსეთმა დღეს აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც კი მის მეზობლებსა და ევროპას შორის.

ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან არ მოიცავს არანაირ გარანტიას ამ გაერთიანებაში არათუ გაწევრიანების, არამედ კანდიდატის სტატუსის მიღებისაც კი. მაშ, რატომ ანერვიულდა რუსეთი და აუკრძალა იანუკოვიჩს ამ შეთანხმების ხელმოწერა? იმიტომ, რომ რუსეთი ადგას მის მიერ დომინირებული ჩაკეტილი სივრცის აღდგენის გზას ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. ოღონდ „მოძმე რესპუბლიკები", საბჭოური სისტემისგან განსხვავებით, აღარ იქნებიან მოსკოვის დოტაციაზე. ასე რომ, მათთვის, ვისთვისაც თავისუფლება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას, სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა თავისუფლების სანაცვლოდ კეთილდღეობას არ მოიტანს. პირიქით, რუსეთის მიზანია გარშემორტყმული იყოს ღარიბი, კორუმპირებული და, აქედან გამომდინარე – უპერსპექტივო, არშემდგარი სახელმწიფოებით.

რუსეთი დღეს თავს აღარც იწუხებს თავისი იმპერიული ზრახვების ლამაზად შეფუთვისათვის, როგორც ადრე. თავის დროზე, სსრკ-ის მიერ მეზობლების დაპყრობას ერქვა ძმური სიყვარულით და კლასობრივი სოლიდარობით განმსჭვალული ბრძოლა საყოველთაო ბედნიერებისთვის – კომუნიზმისთვის (ცარიზმის პერიოდში იგივე „ერთმორწმუნე ერებზე ზრუნვით" იყო მოტივირებული). საბჭოეთი „ათავისუფლებდა" მოძმე ხალხებს იმპერიალისტებისგან, ფაშისტებისგან და, მოგვიანებით, იხდიდა გაურკვეველი წარმომავლობის „ინტერნაციონალურ ვალს". მასობრივი რეპრესიების გარდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა ხელისუფლება „გათავისუფლებულ" ქვეყნებში დოტაციური ხასიათის სერიოზულ ინვესტიციებსაც დებდა.

ეს ყველაფერი დღეს სრულიად ნათლად და შეუქცევლად არის ამოშლილი ახალი რუსული დოქტრინიდან, რომელიც განსაზღვრავს მის წარმოდგენას მეზობლებთან ურთიერთობის შესახებ. ჯერ იყო შეზღუდული სუვერენიტეტის კონცეფცია, როდესაც რუსეთი მეზობლებს განსაკუთრებით არ ერჩოდა, თუკი ისინი მისი გავლენის სფეროდან გაქცევის აქტიურ მცდელობებს არ ახორციელებდნენ. დღეს უკვე სახეზეა ახალი ეტაპი, როდესაც რუსეთი მზად არის არა მხოლოდ დაუფარავად გამოიყენოს ძალა ნაციონალისტური ლოზუნგით – ეთნიკური რუსების დაცვის საბაბით, არამედ შემოიერთოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები. ეს, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების იმ წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთი მათ იდეოლოგიურ მოკავშირეებად განიხილავს. ასეთ ხალხს დღეს პუტინმა ღიად უთხრა, რომ რელიგიაზე და „კონსერვატულ" ფასეულობებზე მაღლა, მისი იდეოლოგია რუსულ ეთნონაციონალიზმს აყენებს – ასე რომ, ქართველ „კონსერვატორებს" მისი სიმპათიის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

ამ კონცეფციაში არ არსებობს სტაფილოსა და ჯოხის პოლიტიკა – დღეს რუსეთი კარგს არაფერს ჰპირდება მათ, ვინც მისი ჰეგემონიის პოლიტიკას წინააღმდეგობას არ გაუწევს: მათ ექნებათ შეზღუდული წვდომა რუსულ ბაზარზე, მაგრამ ვერ ექნებათ დამოუკიდებელი ეკონომიკური კავშირები დასავლეთთან, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებსაც რუსეთი სტრატეგიულად მიიჩნევს (მაგალითად, გაზი და ნავთობი).
ამიტომ გარკვევით უნდა ითქვას, რომ პუტინის რუსეთის ან ევრაზიის კავშირის რაიმე ფორმით მხარდაჭერა არის ღია და უპირობო ღალატი და იმ მტრის სამსახურში ყოფნა, რომელიც ცდილობს არათუ ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლას, არამედ მიზნად აქვს დასახული საქართველოს განადგურება.

ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა შექმნილ ვითარებაში ორი უმთავრესი ამოცანის წინაშე დგას. პირველი და უახლოესი პერსპექტივის ამოცანაა სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის მობილიზება და სრულიად საზოგადოების კონსოლიდაცია არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. პირველ რიგში, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელსაც რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის შესახებ არაფერი სმენია.

მავე უწყების საზრუნავია მეხუთე კოლონის ქმედებების მონიტორინგი და კანონის ფარგლებში მათი განეიტრალება. თუკი ამისათვის არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ არის, სასწრაფოდ შემოსაღებია ისეთი ნორმები, რომლებიც იურიდიულად განსაზღვრავენ მტრული სახელმწიფოს ცნებას და მისი დაფინანსებით ან მის ინტერესებში მოქმედება კანონგარეშედ გამოცხადდება.

ვფიქრობ, მტრული სახელმწიფოს განსაზღვრა რთული არ უნდა იყოს. მხოლოდ ერთია ქვეყანა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შესუსტების, შინაგან საქმეებში რეგულარული ჩარევის და ტერიტორიის მიტაცების მიზნით რამდენჯერმე მიმართა სამხედრო აგრესიას. აღსანიშნავია, რომ ეს აგრესია ხორციელდებოდა გამონაკლისის გარეშე ყველა წინა ხელისუფლების დროს და ახლაც გრძელდება ოკუპაციის და უკვე დღევანდელი ხელისუფლების დროს გავლებულ მავთულხლართებთან ყოველდღიური პროვოკაციების სახით.

მეორე და უფრო გრძელვადიანი ამოცანაა, რომ უფრო ენერგიულად გავაგრძელოთ სვლა ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. დიახ, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ძალიან შორია.

ანამდე კი ჩვენი ამოცანაა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და მუშაობა იმისთვის, რომ გავხდეთ რეალური რეგიონული მოთამაშე. ეს გულისხმობს, რომ ვიყოთ არა უბრალოდ სატრანზიტო ტერიტორია, არამედ გავაძლიეროთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული პოტენციალი და გავხდეთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სწრაფად მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის აქტიური სუბიექტი. საჭიროა ამ სისტემაში სულ უფრო ახალი ფუნქციების გამონახვა. ამისათვის, სხვა მრავალს შორის, უნდა აღდგეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანი იქნება მსხვილი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბების შექმნა.

გვსურს თუ არა, ჩვენ განწირულნი ვართ, რომ საქართველო, მისი თავისუფლება და წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იყოს დაპირისპირების საგანი. ეს დაპირისპირება არსებობს არა იმდენად დასავლეთსა და რუსეთს შორის, რამდენადაც თავად ჩვენსა და რუსეთს შორის. ამის მიზეზი მარტივია: რუსეთს არ სურს დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველო, ისევე, როგორც არცერთი სხვა მეზობელი.

ასე რომ, ჩვენი არჩევანი მარტივია – ან დასავლეთისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი რეგიონული მოთამაშის პოტენციალის რეალიზება და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობით ევროპელ ერთა კავშირში თავის დამკვიდრება, ან ერთმანეთთან მხოლოდ სიღარიბით, კორუფციით და რეჟიმების დესპოტურობით დაკავშირებული სივრცის პერიფერიად გადაქცევა. ეს ნიშნავს არჩევანს ყოფნასა და არყოფნას შორის. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ქართველი ხალხი აირჩევს სახელმწიფოს მშენებლობის გაგრძელებას და არა ქართველთმოძულე მტრის ხელში ჩაბარებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები