ფონდ ქართუს პროექტების შეჩერება

ფონდ ქართუს ხელმძღვანელმა სხვადასხვა პროექტის გაჩერების მიზეზები განმარტა

ფონდ ქართუს ხელმძღვანელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა იმ პროექტების გაჩერების მიზეზები განმარტა, რომელიც ფონდ ქართუდან ფინანსდებოდა. საუბარია ფონდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან,  საჩხერის რაიონის მოსახლეობა 100%-იან გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო მომსახურებით აღარ სარგებლობს. ასევე შეწყდა რაიონის საჯარო სკოლების დირექტორების  500- ლარიანი და პედაგოგების 100-დან 300 ლარამდე სახელფასო დანამატის დარიცხვა. ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, აღნიშნული დახმარებები სახელმწიფო პროგრამებმა, საყოფელთაო დაზღვევამ და მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებამ ჩაანაცვლა.

საჩხერის მოსახლეობა მართლაც გადავიდა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე, თუმცა, დაზღვევისგან მიღებული სერვისების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ეს ქართუ ფონდის დაფინანსებისას იყო. პედაგოგების მიერ განათლების სამინისტროდან მიღებული სახელფასო დანამატებიც განსხვავდება ფონდის მიერ გაცემული თანხისგან და ის   საშუალოდ 70 ლარს შეადგენს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანსების წყაროებია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სახელზე გაფორმებულ კლუბს, საჩხერის ჩიხურას არა ქართუ ფონდი, არამედ სპორტის სამინისტრო აფინანსებს. ამის მიზეზი გრანტების ის ხელშეკრულებაა, რომელიც სამინისტროების მოთხოვნის საფუძველზე ქართუ ფონდმა სპორტის, განათლების და კულტურის სამინისტროებთან გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, სამინისტროებს მიზნობრივი გრანტის სახით ჯამში 20 მილიონამდე ლარი გადაეცათ, რომელსაც ისინი ქართუ ფონდის მიერ განსაზღვრული გადანაწილების მიხედვით განკარგავენ. შესაბამისად, საჩხერის ჩიხურას თანხა რეალურად სამინისტროს გავლით, ქართუ ფონდის მიერ გაცემული გრანტის სახით ერიცხება.

ნიკოლოზ ჩხეტიანი ბათუმის რაგბის სტადიონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფომ მართლაც გამოყო 3.6 მილიონი ლარი სტადიონის ასაშენებლად. თუმცა, ამის მიზეზი ის დავალიანება იყო, რომელიც მთავრობამ ფონდისგან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაგბის ეროვნული ჩემპიონატის დასაფინანსებლად აიღო. კანონმდებლობით, წინასაარჩევნოდ მთავრობას არ ჰქონდა უფლება შეეცვალა დარგობრივი სამინისტროების ბიუჯეტი, ამიტომ მან ქართუ ფონდს მიმართა პროექტის დაფინანსების მოთხოვნით. შემდეგ კი ეს თანხა ბათუმის სტადიონის მშენებლობაში მონაწილეობით დაუბრუნა. ნიკოლოზ ჩხეტიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართუ ფონდი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში საქმიანობის შეწყვეტას და აღებული ვალდებულებების სახელმწიფოსთვის გადაბარებას არ ცდილობს. 

კომენტარები