უკრაინა

რუსეთის უკრაინული ავანტიურა

თეიმურაზ პაპასქირი
0 კომენტარი

2013 წლის ნოემბერში უკრაინის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და პრემიერმინისტრ ნიკოლაი აზაროვის ხელმძღვანელობით, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაიწყო კრიზისი, რომელსაც დიდი ცვლილებები მოჰყვებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები უკრაინის დედაქალაქში, რომლებმაც ევრომაიდნის სახელწოდება მიიღო. მოვლენებმა კულმინაციას 2014 წლის თებერვალში მიაღწია, როდესაც უკრაინის მთავრობამ პროტესტანტების წინააღმდეგ სნაიპერები გამოიყენა, რაც, საბოლოო ჯამში, ასზე მეტი ადამიანის მსხვერპლით დასრულდა.

პასუხად, უკრაინაში მასობრივად დაიწყო დაუმორჩილებლობის პროცესი. ამას დაერთო ისიც, რომ ფაქტობრივად დაიშალა მმართველი რეგიონების პარტიის საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც წევრების 2/3-ზე მეტმა დატოვა (2012 წლის არჩევნების შედეგად რეგიონების პარტიას პარლამენტში 185 დეპუტატი ჰყავდა, 2014 წლის თებერვლის ბოლოს კი მათი რიცხვი 60-მდე შემცირდა). პრეზიდენტი იანუკოვიჩი იძულებული გახდა, წასულიყო შეთანხმებაზე, რომლითაც 21 თებერვალს ახალი მთავრობა შეიქმნა და 25 მაისისთვის დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. პრაქტიკულად, მთელი ხელისუფლება ყოფილი ოპოზიციის ხელში გადავიდა და შეიქმნა ახალი კოალიცია, რომელშიც შევიდნენ საპარლამენტო პარტიები – ბატკივშჩინა, უდარი და სვობოდა.

კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა აქცია ლუგანსკში. უკრაინა 2014
მიუხედავად ამისა, ეს არ აღმოჩნდა კრიზისის დასასრული. პირიქით, გაირკვა, რომ ნამდვილი კრიზისი სწორედ ახლა იწყებოდა. იანუკოვიჩი გაერიდა კიევს და, ფაქტობრივად, შეთანხმების საბოტირება მოახდინა, რის პასუხადაც ის 22 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბატკივშჩინას ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრ ტურჩინოვი.

თებერვლის მოვლენებისას რუსეთი პასიური დამკვირვებლის როლით იყო შემოფარგლული და მხოლოდ სიტყვიერ პროტესტებს გამოთქვამდა უკრაინაში „ფაშისტური ელემენტების" (რუსული ოფიციოზი და მედია მაქსიმალურად ცდილობს იმის დამტკიცებას, თითქოს უკრაინის ახალი ხელისუფლება ფაშისტურია, რისთვისაც იყენებს ე.წ. მემარჯვენე სექტორის და კიდევ რამდენიმე მცირე დაჯგუფების აქტიურობას ევრომაიდნის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მხარის ბრალდებები აშკარად თითიდან გამოწოვილია და არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში და სამხრეთ უკრაინის ნაწილში ეს პროპაგანდა საკმაოდ წარმატებული გამოდგა.) „ხელისუფლებაში მოსვლის" გამო. ეს შემთხვევითი არ იყო. 7-დან 23 თებერვლამდე მიმდინარეობდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთელი ყურადღება იქით იყო მიმართული. ვინაიდან ოლიმპიადა რუსეთში იმართებოდა, მის დახურვამდე რუსეთის ხელისუფლებას ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული (რუსეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირს ოლიმპიურ თამაშებთან ჩვენ მომავალში კიდევ მივუბრუნდებით).

დღესდღეობით უცნობია, თუ რეალურად რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პუტინსა და იანუკოვიჩს შორის, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: პრესკონფერენციაზე პუტინმა ვერ დამალა თავის გაღიზიანება და შენიშნა, რომ ის „ეუბნებოდა იანუკოვიჩს, არ ექნა ეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ დაუჯერა". მართალია, ამ ფრაზიდან არ ჩანდა, თუ რა არ უნდა ექნა იანუკოვიჩს (პუტინის პრესკონფერენციის ეს მონაკვეთი საკმაოდ ბუნდოვანია), არ არის გამორიცხული, რომ პუტინი იანუკოვიჩს ეუბნებოდა, არ გაემწვავებინა ვითარება ოლიმპიადის დასრულებამდე, მაგრამ „იანუკოვიჩმა მას არ დაუჯერა".

24 თებერვლიდან კი პუტინმა უკრაინისთვის მოიცალა და ამავე დღეს ყირიმში დაიწყო პრორუსული ძალების აქციები. გამოჩნდნენ ე.წ. მწვანე კაცუნები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ და ვითომ ადგილობრივი თავდაცვის ორგანიზებით იყვნენ დაკავებული. რეალურად კი, რუსულმა სამხედრო შენაერთებმა, რომლებიც განთავსებული იყვნენ ყირიმში, სულ რაღაც რამდენიმე დღეში ფაქტობრივი კონტროლი დაამყარეს უკრაინის ავტონომიასა და ქალაქ სევასტოპოლზე. 1 მარტს რუსეთის დუმამ უფლება მისცა რუსეთის პრეზიდენტს, საჭიროების შემთხვევაში, შეეყვანა „სამშვიდობო ძალები" უკრაინის ტერიტორიაზე. ამავე დროს, ყირიმში შექმნილმა ახალმა მთავრობამ, რომელსაც სათავეში ყირიმში მოქმედი პარტია რუსული ერთობის ლიდერი სერგეი აქსიონოვი ჩაუდგა, გამოაცხადა რეფერენდუმი, რომელიც ჯერ უნდა გამართულიყო 25 მაისს, შემდეგ მისი ვადა გადმოიწია 30 მარტზე, ბოლოს კი გადაწყდა 16 მარტი.

ბუნებრივია, ეს არ იყო ყირიმის მოსახლეობის სურვილი (საკმარისია ითქვას, რომ პარტია რუსული ერთობის რეიტინგი ყოველთვის ძალზე დაბალი იყო და მას ყირიმის პარლამენტში მხოლოდ 3-კაციანი წარმომადგენლობა ჰყავდა 100-დან) და არც არანაირი ლეგიტიმაცია არ შეიძლებოდა ჰქონოდა, ვინაიდან უკრაინის კონსტიტუციით ლოკალური რეფერენდუმების ჩატარება აკრძალულია (რომ არაფერი ვთქვათ რეფერენდუმის ჩატარებაზე მისი გამოცხადებიდან სულ რაღაც 10 დღეში). 11 მარტს ყირიმის პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო 16 მარტის „რეფერენდუმის" შემდეგ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ. რუსეთმა ოფიციალურად მიიერთა ყირიმი და ამას პრაქტიკულად არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია უკრაინის მხრიდან.

ბუნებრივია, რუსეთის მიერ ყირიმის ჯერ ოკუპაციამ, ხოლო შემდეგ ანექსიამ, რაც 2014 წლის 18 მარტს გაფორმდა, მსოფლიოში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ყირიმის რუსეთთან შეერთება მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ ცნო და ეს არც არის გასაკვირი. სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ბედავს და აცხადებს, რომ მას არანაირი საერთაშორისო ნორმა არ დაურღვევია, რადგანაც ჯარის კონტინგენტი არ გაუზრდია დაშვებულ ნორმაზე მეტად. და მაინც, ძირითადი ყურადღება რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პუტინს გადააქვს საკითხის ისტორიულ ასპექტზე და ყირიმის რუსეთთან შეერთებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

იმპერატორი ნიკოლოზ მეორე რუსეთის პირველ მსოფლიო ომში ჩართვას აცხადებს. პეტერბურგი 1914
მართალია, ყირიმი რუსეთის ფარგლებში პირველად 1783 წელს მოექცა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პუტინს, რომ ის ისტორიულ რუსულ მიწად გამოაცხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ პუტინმა ფაქტობრივად რუსეთად გამოაცხადა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონებიც, რადგანაც განაცხადა, რომ ბოლშევიკებმა რუსებით დასახლებული რაიონები უკრაინის ფარგლებში მოაქციეს. მისი ეს განცხადება მხოლოდ უკიდურესი ცინიზმის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც დემოგრაფიული სიტუაცია ამ რეგიონში შეიცვალა XX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში და სამხრეთ რუსეთში მილიონობით უკრაინელი დაიღუპა შიმშილობების შედეგად. ამავე დროს, ნათელია, რომ პუტინი არ აპირებს მხოლოდ ყირიმით შემოფარგვლას და ყველანაირად ეცდება, სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინაც მიიტაცოს.

რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ სულაც არ არის ისტორიულად უპრეცედენტო რამ. მსოფლიო ისტორიაში უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე მხარეს თავს ესხმოდა და ართმევდა მას ტერიტორიის ნაწილს (ან საერთოდაც მთლიანად იკავებდა). პირველი მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა თუ ისტორიკოსმა გაიხსენა, 1938 წლის სუდეტის კრიზისი იყო. უმრავლესობამ პუტინის ქმედებები ჰიტლერისას გაუთანაბრა და სავსებით სამართლიანადაც. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. რასაკვირველია, 1938 წლის სუდეტის კრიზისსა და 2014 წლის ყირიმის კრიზისს შორის საკმაოდ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. საკმარისია ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში მსხვერპლის როლში აღმოჩნდა ახლადწარმოქმნილი სახელმწიფო და ორივე აგრესორი თავის ქმედებას ისტორიული სამართლიანობით და ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებით ამართლებდა.

მიუხედავად ამისა, მათ შორის განსხვავებაც არსებობს და საკმაოდ მნიშვნელოვანიც: ჰიტლერი სუდეტის ოლქში შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოლქის გადაცემას დათანხმდა თავად ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლება. მართალია, ეს გარკვეულწილად იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში შეეგუა ე.წ. მიუნხენის დიქტატს (ანუ გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების მიერ 1938 წლის 29-30 სექტემბრის მიუნხენის კონფერენციის გადაწყვეტილებებს) და ხელი მოაწერა სუდეტის ოლქის გერმანიისთვის გადაცემას. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების პოზიციებზე გარკვეული გავლენა იქონია მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ის მზად იყო, გერმანიისთვის გადაეცა სუდეტის ოლქის ნაწილი. რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ თავიდან აერიდებინა ომი, მაგრამ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება ბევრად უფრო გაუადვილა ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების პოლიტიკამ.

უკრაინის შემთხვევა კი განსხვავებულია, რადგანაც რუსეთმა უბრალოდ წაართვა მას ყირიმი. ასე რომ, სუდეტის კრიზისსა და ყირიმის კრიზისს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი განსხვავებაც არსებობს. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ პუტინი გარკვეულწილად ბაძავს ჰიტლერს თავის ქმედებებში. პუტინი ძალიან ხშირად აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს თავის თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ჰიტლერიც სწორედ ამას ამბობდა და აკეთებდა. გარდა ამისა, უკრაინასთან მიმართებით პუტინი იყენებს ერთგვარ სინთეზს იმ მეთოდებისა, რომლებითაც ჰიტლერი მოქმედებდა ავსტრიის და ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ. საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც ჰიტლერის მიერ ავსტრიაში ანშლუსის შემდეგ ჩატარებული პლებისციტი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყირიმის რეფერენდუმის წინამორბედად. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი: ყველა აგრესორის ქმედებაში შეიძლება მსგავსების აღმოჩენა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აგრესორები ხშირად კარგავენ რეალობის შეგრძნებას. სწორედ ასე, ჩეხოსლოვაკიის მთლიანად დაპყრობა ჰიტლერის უმთავრეს შეცდომად იქცა, რადგანაც ამის შემდეგ მას უკვე დაკარგული ჰქონდა ნდობა დიდი ბრიტანეთის თვალში. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან დაარღვია მიუნხენის კონფერენციის დროს მის მიერვე აღებული პირობა ჩეხოსლოვაკიის დარჩენილი ტერიტორიის სუვერენიტეტისა და მთლიანობის შენარჩუნების შესახებ. დღეისთვის პუტინმა ასევე დაკარგა დასავლეთის სახელმწიფოების ნდობა, ასე რომ, ამ ავანტიურას, წესით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები უნდა მოჰყვეს.

ისტორიული პარალელის თვალსაზრისით, სავსებით მართებული იქნება პუტინის შედარება რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-თანაც. ისევე როგორც პუტინი, ნიკოლოზ I-იც შესაძლებლად თვლიდა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. 1853-1856 წლების ყირიმის ომი ამის აშკარა მაგალითია. ოსმალეთზე თავდასხმისა და ომის დაწყების საბაბად ნიკოლოზ I-მა ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მართლმადიდებლების უფლებების დაცვა გამოიყენა (ისევე, როგორც ახლა პუტინმა უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დამცველად გამოაცხადა თავი). მაშინ რუსეთის იმპერატორმა თავის გათვლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა.

პატრიოტული მიტინგი ომის გამოცხადების შემდეგ. პეტერბურგი 1914
მას ვერ წარმოედგინა, რომ რუსეთისადმი მტრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკას გაატარებდა ავსტრიის იმპერია, რომელიც მისგან ძალზე დავალებული იყო 1848-1849 წლების უნგრეთის რევოლუციის ჩახშობის გამო. რუსეთის იმპერატორს არ სჯეროდა, რომ ინგლისი და საფრანგეთი თურქეთს არა მარტო დაეხმარებოდნენ, არამედ რუსეთს ომს გამოუცხადებდნენ და შავ ზღვაში დიდი ესკადრებით შემოვიდოდნენ. მაშინ „ევროპის ჟანდარმად" წოდებული რუსეთის იმპერატორის მიერ დაწყებული ავანტიურა ქვეყანას ძალზე ძვირი დაუჯდა: ომში დამარცხების შემდეგ რუსეთმა დაკარგა შავ ზღვაზე ფლოტის ყოლისა და შავი ზღვის სანაპიროზე გამაგრებების შექმნის უფლება. ეს იყო ნიკოლოზ I-ის პოლიტიკის სრული კრახი, რომელსაც ის თავად ვერც მოესწრო, რადგანაც 1855 წელს გარდაიცვალა.

რამდენად წარმატებული იქნება პუტინის ავანტიურა, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა თუ ევროპული სახელმწიფოები და აშშ რეალურ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რუსეთის პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა გამოიწვიოს რუსული სახელმწიფოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური კოლაფსი და მისი შედეგები კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს მისთვის, ვიდრე თავის დროზე ყირიმის ომი იყო.
ისტორიაზე საუბრისას შეიძლება კიდევ ერთი პარალელის გავლება, ოღონდ ამჯერად უკვე ხალხის განწყობილებებთან დაკავშირებით. დღეისათვის პუტინი რუსეთში არნახული პოპულარობით სარგებლობს. უნდა ითქვას, რომ ეს არც არის გასაკვირი. რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპერიული სენით არის შეპყრობილი და მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თავი შეიგრძნოს ზესახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ეს ისტორიულადაც ასე იყო.

საკმარისია გავიხსენოთ ზუსტად ერთი საუკუნის წინ დატრიალებული მოვლენები. მაშინ მსოფლიო ომში ჩართვას ფაქტობრივად რუსეთის მთელი მოსახლეობა მიესალმა. 1914 წლის 2 აგვისტოს ზამთრის სასახლესთან ასობით ათასმა კაცმა დაჩოქილმა მიიღო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის და დედოფალ ალექსანდრას დალოცვა. მაშინ რუსული საზოგადოება თვლიდა, რომ რუსეთი ბოლოსდაბოლოს მიაღწევდა თავის სანუკვარ მიზანს და დაიკავებდა კონსტანტინოპოლს. მეტიც, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ომის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში მოექცეოდა სლავებით დასახლებული ყველა მიწა, მათ შორის – ბალკანეთიც. არასრულ 3 წელიწადში მოსახლეობის განწყობილება მკვეთრად შეიცვალა და იმპერატორი დამხობილ იქნა, ხოლო 1917 წლის ნოემბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ვლადიმირ ლენინმა რუსეთი საერთოდ გამოიყვანა ომიდან, რომელიც უკვე მეტად არაპოპულარული იყო. არ არის გამორიცხული, რომ ასეთივე სცენარი განხორციელდეს დღესაც, ისევ და ისევ, თუ რეალური სანქციები დაწესდა.

„მწვანე კაცუნები” ყირიმში, 2014
დაბოლოს, რუსეთის უკრაინულ ავანტიურაზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კიდევ ერთ ფაქტორს: პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ის ყირიმის საკითხს ისტორიულ ასპექტშიც განიხილავდა. ვფიქრობთ, ეს განცხადება უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს. ჩინეთის ხელისუფლებამ უკრაინის კრიზისთან მიმართებითაც დაიკავა ის პოზიცია, რომელსაც ის ჩვეულებრივ იკავებს მსგავსი სიტუაციებისას. უშიშროების საბჭოში მომხდარი განხილვისას ჩინეთის წარმომადგენელმა თავი შეიკავა. ოფიციალურად ჩინეთის ხელისუფლება არც გმობს რუსეთის ქმედებებს და არც იწონებს, თუმცა რუსეთის ისტორიულ უფლებებს ყირიმზე არ უარყოფს.

ისტორიული ასპექტის ხსენება აქ შემთხვევითი არ გვგონია. არ არის გამორიცხული, რომ პუტინის ქმედებები ჩინეთის ხელისუფლების წისქვილზე ასხამდეს წყალს. საქმე ის გახლავთ, რომ ისტორიულად, 1689 წლის ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რუსეთმა დღევანდელი ამურისპირეთი ჩინეთის ტერიტორიად ცნო, თუმცა 1858-1860 წლებში წაართვა ეს ტერიტორია ჩინეთს, რომლის ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნის ეშინოდა (1856-1860 წლებში მიმდინარეობდა ე.წ. მეორე ოპიუმის ომი, რომელშიც ჩინეთს ებრძოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი). დღეისათვის ამურისპირეთში (განსაკუთრებით, ხაბაროვსკსა და ვლადივოსტოკში) ჩინური მოსახლეობის ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია, ასე რომ, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს პუტინს მეთოდები უკან შემოუბრუნდეს და უკვე ჩინეთმა მოახდინოს ამურისპირეთის ანექსია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და ჩინურენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები