ანტიდისკრიმინაციული კანონი

საპატრიარქო: კანონპროექტის ახალ ვერსიას უფრო სერიოზული შესწავლა სჭირდება

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ "ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ვერც ახალ ვერსიას დაეთანხმება". საპატრიარქოს განცხადებით, პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების დასკვნას საჭიროებს.

"ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღები გახდა ეკლესიისთვისაც. კანონპროექტის ახალ ვერსიას საქართველოს საპატრიარქო ვერ დაეთანხმება, რადგან ბოლო ვარიანტის გაანალიზების საშუალება არ გვქონდა. ზეპირი საუბრებით და ცალკეული სასულიერო პირების განცხადებებით კი ასეთ სერიოზულ თემაზე ნაჩქარევი შეფასების გაკეთება ეკლესიის მხრიდან მართებული არ არის. საქართველოს პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი კანონპროექტის უარყოფითი მხარეები აშკარად ჩანდა, ახლა მდგომარეობა შეიცვალა და იგი უფრო სერიოზულ შესწავლას და სპეციალისტების (იურისტების, ფსიქოლოგების, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების) დასკვნას საჭიროებს. ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს პრემიერის, რომ იგი გაგებით მოეკიდა ეკლესიის სიფრთხილეს, მაგრამ ისიც გვინდა დავძინოთ, რომ ეკლესია ამ შემთხვევაში იცავდა და იცავს არა მხოლოდ სასულიერო პირების, არამედ მართლმადიდებელი მრევლის და საქართველოს მოსახლეობის (რელიგიური მრწამსის განურჩევლად) იმ ნაწილის ინტერესებსა და უფლებას, რომლისთვისაც ზნეობრივი ნორმების დაცვა არსებით აუცილებლობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. გუშინ, დეპუტატებმა რამდენიმესაათიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ, კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. საბოლოოდ, კანონპროექტის მეორე პუნქტის მეორე ნაწილში სადავო სიტყვა "მორალი" "ზნეობით" შეიცვალა და შემდეგნაირად გადაფორმულირდა: ”გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომადია ასეთი მიზნის მისაღწევად”.

კომენტარები