ყოფილი მაღალჩინოსნები

რა უჭირს ყოფილი პრეზიდენტ(ებ)ის დაკითხვაზე დაბარებას?

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება ახალი მიჯნა გახდა კამპანიაში, რასაც ხელისუფლება „სამართლიანობის აღდგენას" უწოდებს. ის მკვეთრად გააკრიტიკა არა მხოლოდ ოპოზიციამ (რაც ტრივიალური იქნებოდა), არამედ დემოკრატიულმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ფაქტს ოფიციალური განცხადება მიუძღვნა, ცალსახა უკმაყოფილება გამოხატა ევროკომისარმა შტეფან ფულემ, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის შიგნით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებს.

ეს აღარ არიან ნაციონალური მოძრაობის მიმართ კეთილგანწყობილი მემარჯვენე ცენტრისტები (ამერიკელი რესპუბლიკელები, ევროპის სახალხო პარტია). ძნელია, ობამას ადმინისტრაციას ან ბატონ ფულეს სააკაშვილის სასარგებლო მიკერძოება დააბრალო. ასე რომ, საკითხი ასე დგას: როგორ მოხდა, რომ დემოკრატიული დასავლეთის და ქართული ოცნების შეფასებები დიამეტრულად დაუპირისპირდა ერთმანეთს?
ანალიზი ორი მიმართულებით შეიძლება წავიყვანოთ: ერთი დემოკრატიული ღირებულებებია, მეორე კი – გეოპოლიტიკური კონტექსტი. თანმიმდევრობით მივყვები.

ყოფილი პრეზიდენტი და კანონის უზენაესობა

საერთაშორისო კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის პრინციპს უპირისპირებს. არგუმენტი მოგებიანია: კანონი ყველასათვის ერთია, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, დღეს კი რიგითი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის. თუ გამოძიებას მის მიმართ კითხვები გაუჩნდა, რატომ არ უნდა გამოცხადდეს ის მათზე საპასუხოდ დათქმულ დროსა და ადგილზე?

მაშინვე გვახსენდება დასავლური დემოკრატიების მაგალითები, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს წინაშე დამდგარან: საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი, იტალიის პრემიერი სილვიო ბერლუსკონი.

ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი ლამის გადააყოლეს თეთრი სახლის სტაჟიორთან სექსს. სანამ ჩვენ ვბჭობდით, ისრაელის სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო ყოფილი პრემიერი ეჰუდ ოლმერტი. რა გახდა ეს სააკაშვილი, რომელსაც დაპატიმრებითაც კი არ დამუქრებიან – მხოლოდ შეკითხვების დასმა უნდოდათ, ისიც, ბოლოს, მხოლოდ Skype-ით? რა სინდისით აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები? როგორ უნდა აუხსნას მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს, რომ სამართლიანობის აღდგენას დემოკრატიით ნაქები დასავლეთი უშლის?

ამის მთქმელებს გამორჩებათ, რომ ზოგადად სწორი პრინციპის დეკლარირება საკმარისი არაა: ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული. პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება კანონის უზენაესობით რომ გაამართლო, ჯერ ეს კანონის უზენაესობა უნდა გქონდეს: დამკვიდრებული უნდა იყოს რწმენა, რომ სამართალდაცვის ორგანოები (მათ შორის, პოლიცია და პროკურატურა, სასამართლოზე რომ არაფერი ვთქვათ) პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მეტ-ნაკლებად ავტონომიურად მოქმედებენ. სხვა შემთხვევაში, ოპოზიციის წინააღმდეგ წამოწყებული საქმეები ავტომატურად აღიქმება, როგორც სამართალდაცვის სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

ზემოჩამოთვლილ დასავლურ შემთხვევებშიც პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას პოლიტიკური მიკერძოების ბრალდებები მოსდევდა. რაც ბუნებრივია: პროკურორები და მოსამართლეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ვერავინ დაიფიცებს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებისგან სრულიად თავისუფალნი არიან. მაგრამ ეს ბრალდებები საყოველთაოდ გაზიარებული არ გამხდარა, რადგან ამ ქვეყნების სამართლდამცავმა სისტემებმა საუკუნეების ან ათწლეულების განმავლობაში ჩაუნერგეს მოქალაქეებს რწმენა: მათ მთავრობისგან ავტონომიურად მოქმედება შეუძლიათ.

საქართველოში ასეთი რწმენა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ იარსებებს. ადამიანთა ნაწილს შეიძლება სჯეროდეს, რომ ამჯერად ხელისუფლებაში კარგი და სამართლიანი ხალხი მოვიდა, რომელიც სამართალდაცვითი სისტემის პოლიტიკურ გამოყენებას არ იკადრებს. მაგრამ პროკურატურა ან სასამართლო, რომელიც იმიტომაა დამოუკიდებელი, რომ მთავრობა მასზე ზეწოლას „არ კადრულობს", მრგვალი კვადრატია. დამოუკიდებელი მაშინ გქვია, როცა შეგიძლია, გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას, და არა მაშინ, როცა რატომღაც არავინ გაწვება. თუ სამართალდაცვის ინსტიტუტები პრინციპში ექვემდებარება მთავრობის კარნახს, ხელისუფლება ძნელად გაუძლებს სახიფათო ოპონენტების წინააღმდეგ მათი გამოყენების ცთუნებას.

ეჭვი თუ რწმენა?

მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება იზოლირებული ფაქტი არ არის. ეს ეპიზოდი ხანგრძლივი პროცესის ერთი ეტაპია. როცა დასავლელი პარტნიორები დიპლომატიურად გვაფრთხილებენ, ემანდ „პოლიტიკური მოტივაციის ეჭვი არ გაჩნდესო", პოლიტკორექტული ფორმულირების უკან იმალება არა ეჭვი, არამედ რწმენა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ნამდვილად ატარებს გამიზნული პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს.

ამის დამამტკიცებელი არგუმენტები იმდენჯერ გამოითქვა, რომ გამეორება მოსაწყენი გახდა. შირაკის, ბერლუსკონის ან ოლმერტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები ინდივიდებზე იყო მიმართული, სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება კი სიმბოლური გვირგვინია სისტემური დევნისა, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერების და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ დევნას თან ახლავს რიტორიკა, რომელიც „სამართლიანობის აღდგენას" ოპოზიციის დღევანდელ აქტივობას უკავშირებს და, ნაცმოძრაობის, როგორც პარტიის, სრულ გაქრობას ან მარგინალიზაციას აანონსებს. კამპანიის პოლიტიკურ ხასიათს მათემატიკური სიზუსტით ადასტურებს მარტივი რაოდენობრივი ინდიკატორი: ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ორი დიდი ჯგუფიდან, რომელთაგან პირველმა პარტიული ლოიალობა შეინარჩუნა, მეორე კი არჩევნების წაგების შემდეგ გამარჯვებულთა მხარეს გადავიდა, კრიმინალში ეჭვმიტანილი მხოლოდ პირველია.

ამას ემატება ცალკეული სკანდალური ეპიზოდები: ამბავი ყველაზე მაღალი დონის პოლიტიკური პატიმრის, ვანო მერაბიშვილის, პროკურორთან ღამის საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელიც მთავრობამ სიტყვიერად უარყო, თუმცა ამ ეპიზოდის გამოძიებაზე უარის თქმით ირიბად დაადასტურა; ნაციონალური მოძრაობის მამხილებელი კადრების გამოქვეყნება „ჰაკიმ ფაშას" მსგავსი სიმართლის მოყვარულების მიერ ისეთ მომენტებში, როცა საჭირო ხდება საზოგადოების მომზადება ხელისუფლების მორიგი „სამართლისაღდგენითი" ნაბიჯებისთვის (ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენი, ჟვანიას საქმის ექსპერტის, ლევან ჩაჩუას დაპატიმრება). ამ ფონზე ძალიან ძნელია, დაიჯერო, რომ ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული სამართალდაცვითი სისტემა პატიოსან თამაშს თამაშობენ.

შერჩეთ თუ არ შერჩეთ?

კარგი, ვთქვათ, მართლაც ასეა საქმე: საქართველოს სამართალდაცვით სისტემას არ შეუძლია, მთავრობისგან ავტონომიურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები. მაგრამ ზოგადად ხომ ვიცით, რომ წინა ხელისუფლებამ მრავალი უსამართლობა დაუშვა. ესე იგი, შერჩეთ? სანამ სრულიად უნაკლო სამართალდაცვითი სისტემა გვექნება, დამნაშავეები არ უნდა გავასამართლოთ? რა არის უარესი: დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს, თუ ევროპას ან ქართული საზოგადოების ნაწილს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა და სასამართლო ვერ არის მთლად თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან?
ზოგადად, ეს სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა ეგრეთ წოდებული გარდამავალი სამართლის თემაა. მისთვის მრავალი წიგნი, სტატია თუ კონფერენცია მიუძღვნიათ. მკაცრი მიდგომის მომხრეების აზრით, „სამართლის აღსრულების" (ოღონდ არა „აღდგენის") გარეშე საზოგადოება „სულიერ კათარზისს" ვერ განიცდის, რაც მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებას შეაფერხებს. მეორე მხრივ, ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი სამართალდაცვის ტრადიცია არ არსებობს, არსებული ინსტიტუტები ისევე შეასრულებენ ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, როგორც წინას ემსახურებოდნენ. ამიტომ ძველი ლიდერების დასჯა გადაგვარდება ბრბოს მაამებელ ანგარიშსწორებად, რაც ისევ ხელს შეუშლის პლურალისტური და ინკლუზიური დემოკრატიისთვის საფუძვლის ჩაყრას.

ამ დილემიდან გამოსავლად ხშირად გვევლინება საგანგებო მექანიზმები, სპეციალური „სიმართლის კომისიები" თუ ტრიბუნალები, რომლებშიც გადამწყვეტი ხმა საზოგადოების დამოუკიდებელ, სანდო და პატივსაცემ წევრებს ან სულაც უცხოელებს ეკუთვნით. საქართველოშიც გამოითქვა ამის მსგავსი წინადადებები (როგორც ოპოზიციის, ისე გარე მეგობრების მიერ), მაგრამ ხელისუფლებამ ისინი სერიოზულად არ მიიღო, რითაც ირიბად დაადასტურა, რომ მისი ინტერესი სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არა სამართლის უზენაესობა.

მაგრამ ეს ზოგადად. კონკრეტულად, რამდენად შეედარება სააკაშვილის ხელისუფლება იმ „პირსისხლიან" რეჟიმებს, რომელთა მასობრივი დანაშაულის გამოვლენის და დასჯის გარეშე საზოგადოება წინ ვერ წავა? ეჭვი არ მეპარება, რომ „ნაციონალებმა" ბევრი რამ არასწორი გააკეთეს და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ მათ ქმედებას შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსი მიესადაგოს. მათ მთავრობას არ ჰყავდა შემზღუდველი და გამაწონასწორებელი ძალა ქვეყნის შიგნით, ასეთ ვითარებაში კი ძნელია, ხელისუფალს „თავში არ აუვარდეს" და ზღვარს არ გადააბიჯოს.

მაგრამ მათ წინააღმდეგ რეალურად აღძრული საქმეების ზერელე თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ, წელიწად-ნახევრის მუშაობის შემდეგ, პროკურატურამ ვერ წარმოგვიდგინა სანდო და კონკრეტული მტკიცებულებები, რითაც დავრწმუნდებოდით, რომ „ნაციონალების" ლიდერები ან ე.წ. ელიტურ კორუფციაში იყვნენ სისტემურად ჩართული, ან ადამიანის უფლებათა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებში მონაწილეობდნენ. ამ საქმეების სერიოზული დამოუკიდებელი შეფასება არ მინახავს, ამიტომ საკუთარ, შესაძლოა სუბიექტურ, შთაბეჭდილებებს უნდა დავეყრდნო. ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის პოლიტიკური კლიენტელიზმისთვის, როცა, პროკურატურის ვერსიით, მან და ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო სამსახურში მასობრივად დაასაქმეს თავისი პარტიის მხარდამჭერები (გიგი უგულავას მიმართ პრეტენზიაც ანალოგიურია). ეს ნამდვილად არ არის კარგი პრაქტიკა, მაგრამ ის, სამწუხაროდ, უცხო არ არის მრავალი დემოკრატიისთვის და, კერძოდ, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. იმავე მერაბიშვილს მეორე ვადა მიუსაჯეს იმის გამო, რომ პოლიციამ მთლად სწორად ვერ დაშალა დემონსტრაცია, რომელიც უდავოდ დასაშლელი იყო. როდესაც გიგა ბოკერია იმაზე დაკითხეს, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს ლობირებაზე ფულს რატომ ხარჯავდაო, ვითარება საბოლოოდ გასცდა საღი აზრის საზღვრებს.

ამ ფონზე, რომელიმე მეგის ქარდავას მართლა თუ დაუმტკიცებ ამაზრზენ ქმედებებს, აღარ აქვს მნიშვნელობა. პირიქით, პროკურატურის წელიწად-ნახევრის მუშაობა უკვე გამოგვადგება იმის ირიბ მტკიცებულებად, რომ, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი რამ არასწორი, თუნდაც ძალიან არასწორი, გააკეთა, წარმოდგენა მის მთავრობაზე, როგორც „პირსისხლიან" და სისტემურად კორუმპირებულ რეჟიმზე, მრავალგზის გაზვიადებულია.

„სამართლიანობის აღდგენის" გეოპოლიტიკა

ახლა საქმის საგარეო-პოლიტიკურ ასპექტს მივუბრუნდეთ. საქართველოში ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება თავისთავად კი არ იყო არასწორი, არამედ „ახლა ამის დრო არ არის", რადგან ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება შეაფერხოს საქართველოს მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ ევროპელები უსამართლოდ არიან მიკერძოებული ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, მაგრამ ამ მომენტში უნდა დავუთმოთ. მაგრამ რატომ უნდა იყვნენ ისინი ამგვარად მიკერძოებული? მე მეჩვენება, რომ პირიქითაა საქმე: არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ხელს უშლის დასავლეთს, უფრო მკაცრი და პრინციპული იყოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
ახლა ვითარებას განსაზღვრავს უკრაინის კრიზისი და დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. როგორ აისახება ის ჩვენთვის საინტერესო საკითხზე? როგორც კი ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის მიერ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ვითარება ჩვენთვის მოგებიანია. რაც სტრატეგიულად მცდარია: უკრაინის ევროპული გზიდან გადახვევა რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდებდა რუსეთის პირისპირ. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში და დღევანდელი მთავრობის გადასახედიდან, ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი.

რინციპულად შეიცვალა თამაშის წესები, ერთი მხრივ, ევროკავშირს, მეორე მხრივ კი – პარტნიორობის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის. ადრე მიიჩნეოდა, რომ ამ ქვეყნებს უფრო უნდათ ევროკავშირთან სიახლოვე, ვიდრე პირიქით, ამიტომ ეს უკანასკნელი თავისუფლად წამოუყენებდა მათ იმ პირობებს, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა. ახლა ევროპამ შეიგნო, რომ რუსეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციაში იმყოფება და უკვე მისთვის გახდა ღირსების საქმე, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი პარტნიორ ქვეყნებთან ხელშეკრულებას.

მაგრამ ამით მას შეუსუსტდა ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ამ უკანასკნელს გაცილებით ადვილად შეუძლია ევროპის კონკრეტული მოთხოვნების იგნორირება, ხოლო ევროპას ნაკლებად აქვს უნარი, დასაჯოს საქართველო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სტანდარტების გამო. მაგალითად, როგორც კი იანუკოვიჩმა თქვა, რომ აღარ აპირებდა ხელშეკრულების ხელმოწერას, ევროკავშირმა მოუხსნა იულია ტიმოშენკოს განთავისუფლების მოთხოვნა, ოღონდ უკრაინას გადაწყვეტილება ისევ შეეცვალა.

ჩვენმა მთავრობამ, როგორც ჩანს, შესაბამისი დასკვნები გააკეთა: დასავლეთი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ ამ ეტაპზე სერიოზულად ვერ დაგვსჯის. დღეს, დასავლეთის დასუსტება კარგი ფონია „სამართლიანობის აღდგენის" გასააქტიურებლად.

კომენტარები