საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 28-მ მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ფარგლებში ახალი ორგანოს - მონიტორინგის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. მონიტორინგის საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წარმომადგენლები შევლენ. შესაბამისად, ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედებას სამსახურიდან მათი გათავისუფლება აღარ მოჰყვება და ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში ამ ფორმით დარჩებიან. 

პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს წევრების ძირითადი უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორისთვის რეკომენდაციების გაცემა იქნება. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრებს სამეურვეო საბჭოს წევრებზე 20%-ით დაბალი ხელფასი ექნებათ. ამასთან, თუკი მონიტორინგის საბჭოს წევრი ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორ სხდომას არ დაესწრება მისი ხელფასი ნახევრდება, შემდეგი გაცდენის შემთხვევაში კი, ანაზღაურება არ მიეცემა.
პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება მისი ბოლო წევრის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე შეუწყდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოში ის მეურვეები შევლენ, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოს წევრობის უფლებამოსილება შეუნარჩუნა. სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებოდათ.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მუშაობას შეუდგება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ის შვიდი ახალი წევრი, რომლებიც დეპუტატებმა ეტაპობრივად დაამტკიცეს - მარინე მუსხელიშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან მსხილაძე, ნათელა სახოკია, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი. 

კომენტარები