მძღოლების პროტესტი

რუსთავში მძღოლების პროტესტის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია

რუსთავის შესასვლელში სამარშუტო ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია გრძელდება. ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციაში მონაწილეობენ, როგორც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების, ასევე შიდა საქალაქო მარშრუტების მძღოლები. სააგენტოს ინფორმაციით, ამის გამო რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია, ქალაქ რუსთავში კი - ნაწილობრივ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, უფრო ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ. დღეს ისინი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანას კონკურსში გამარჯვებული კომპანია ინტერტრანსი საკუთარი მიკროავტობუსებით ახორციელებს, რასაც აქციის მონაწილეები რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ. ამასთან, ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დღევანდელი პროტესტი გუშინდელ შემთხვევას უკავშირდება. გუშინ, სამარშრუტო ხაზის ერთ-ერთი მძღოლი გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები