დავით კოდუას ცემა

დავით კოდუას თავს დაესხნენ და სცემეს

სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმას დავით კოდუას თავს დაესხნენ. ოჯახის წევრების თქმით, კოდუას აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან გამოსვლის შემდეგ, სამი-ოთხმა ნიღბიანმა მამაკაცმა სცემა. დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ახლობლების ინფორმაციით, იგი ე.წ არამიანცის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ოჯახის წევრების ცნობითვე, დაზარალებულს გამოკვლევები და სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდება. ამასთან, ერეკლე კოდუას ცოლმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ  დავით კოდუა სასტიკად არის ნაცემი, სახის არეში მოტეხილობები აღენიშნება და თავის ქალა აქვს დაზიანებული. 

დაზარალებულის ძმაზე, ერეკლე კოდუაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კოდუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ბრალდებით 17 მარტს წარუდგინა. 24 აპრილს კი ერეკლე კოდუას ბრალი 2005 წელს პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

მთავარი პროკურატურა კიდევ ერთი პარლამენტარის ცემის ფაქტს იძიებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. წიკლაურის თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს.

კომენტარები