NDI-ის კვლევა

NDI: მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 8%-თ შემცირდა

NDI-ს გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, ხოლო 41% მიიჩნევს, რომ არა. აღსანიშნავია, რომ იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, 8%-თ შემცირდა. მაშინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მონაწილეთა 54% მიიჩნევდა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ხოლო 35% - არა.

ამასთან, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ "საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას", 22% მიიჩნევს, რომ "საქართველო არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება", 16%-ს აზრით, "საქართველო დემოკრატიული მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის", 13% კი ფიქრობს, რომ "საქართველო შეიძლება მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება".

გამოკითხულთა 52%-სთვის დემოკრატია სიტყვის/მედიის თავისუფლებას და გასხვავებული აზრის მოსმენას ნიშნავს, 39%-სთვის დემოკრატიაა თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა. ხოლო 33%-სთვის - ადამიანის უფლებების დაცვა. კვლევაში მონაწილეთა 18% ფიქრობს, რომ დემოკრატია სამუშაო ადგილებია, 15% კი მიიჩნევს, რომ ეს არის "შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც გინდა (თავისუფლება)".

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA).

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები