Discworld

პრატჩეტის ”ბრტყელი პლანეტა”

დავით ფორვე ლომია
0 კომენტარი

სანამ დიდ ბრიტანეთს (და დანარჩენ მსოფლიოს) პოტერომანია მოედებოდა, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ავტორი ტერი პრატჩეტი იყო, ყველაზე ცნობადი თანამედროვე ფენტეზი სამყარო კი – Discworld, ბრტყელი „პლანეტა", რომელიც ოთხ უზარმაზარ სპილოს ზურგზე ადევს ტვირთად. თავად სპილოები კი გიგანტური, ვარსკვლავთშორის მოგზაურობაში მყოფი კუს, ა' ტუინის ნიჟარაზე იხდიან თავის მოვალეობას. ა'ტუინის მოგზაურობის დანიშნულება ბრტყელი სამყაროს თეოლოგებში დიდ დაპირისპირებას იწვევს. ერთ-ერთი ვერსიით, ის საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ეძებს, რომლის პოვნის შემთხვევაში სამყაროს დასასრული დადგება. პრატჩეტის ისტორიების უმრავლესობა (40 წიგნი) ზუსტად ამ კუს ნიჟარაზე მდებარე სამყაროში ვითარდება.

პრატჩეტის სამფლობელო იუმორისტული ფენტეზია. ამ ჟანრში მან წერა ფენტეზის იმ კლიშეების გასაშარჟებლად დაიწყო, რომლებიც ტოლკინის, რობერტ ჰოვარდის, ლავკრაფტის და მსგავსი ავტორიტეტების ნაშრომების იმიტაციებით უზარმაზარი რაოდენობით შეიქმნა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, როდესაც ციკლის პირველ წიგნს Colour of Magic-ს წერდა. თავისი აბსურდულობის მიუხედავად, დისკვორლდი ჩვენი სამყაროს ანარეკლია. პრატჩეტი კლასიკური ფენტეზის ელემენტებს თანამედროვე სამყაროს ურთავს და ერთდროულად ერთის „არაპრაქტიკულობას" და მეორის (რეალური სამყაროს) აბსურდულობას გვიჩვენებს.

პრატჩეტის სამყაროში ჯადოქრებს ყველაზე მეტად კარიერული წინსვლა აღელვებთ, ღამის გუშაგების (იგივე პოლიციელების) მთავარი პრობლემა ბიუჯეტის სეკვესტრია, ხოლო დაქირავებულ მკვლელთა გილდიის უფროსები ქალაქის საკრებულოში მაღალი გადასახადების გასაპროტესტებლად იკრიბებიან. რა თქმა უნდა, დისკვორლდის სამყაროშიც ბლომად არიან დიადი მეომრები და მითოლოგიური მონსტრები, მაგრამ ამავე დროს აქ ბევრად უფრო საშიში არსებები ბუდობენ, მაგალითად, იურისტები, პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. ზუსტად ფენტეზისა და იუმორის ასეთმა ორიგინალურმა შერწყმამ განაპირობა პრატჩეტის უზარმაზარი პოპულარობა.

თუმცა პრატჩეტი ვერ იქნებოდა დიდი მწერალი და ვერც რაინდის წოდებას მიიღებდა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის, თუ მისი ნაშრომები უბრალოდ კლიშეების პაროდირებაზე იქნებოდა აგებული. ეს მისთვის მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. იუმორით გაჟღენთილ წიგნებში ის ისეთ სერიოზულ თემებს ეხება, როგორიცაა რასობრივი დისკრიმინაცია, ცნობილ ადამიანთა კულტი (Moving pictures), სქესთა უთანასწორობა და ფემინიზმი (Witches Abroad, Lords and Ladies, Maskerade და Carpe Jugulum), რელიგიური ფუნდამენტალიზმი (Small Gods), ძალადობა და მრავალი სხვა. ამიტომაცაა, რომ მისი წიგნების წაკითხვა ერთნაირად რეკომენდებულია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. პირველმა ჯგუფმა შეიძლება გარკვეული მინიშნებები ვერ გაიგოს და აღწერილი სცენა უბრალოდ სასაცილო სიტუაციად აღიქვას, ზრდასრული (და ნაკითხი) ადამიანი კი ადვილად მიხვდება, თუ რა პრობლემაზე მიუთითებს ავტორი. პრობლემები, რომელიც ამ აბსურდულ სამყაროში ჩნდება, პირდაპირ ჩვენი რეალობიდან არის გადმოტანილი, ფენტეზის და იუმორის ელემენტები კი სახალისო უკანა ფონის შესაქმნელადაა გამოყენებული.

ამავე დროს, რაც უფრო ნაკითხია ადამიანი, მით უფრო დააფასებს პრატჩეტის იუმორს. ის თავის ნაშრომებში რეფერენსებს არა მხოლოდ თანამედროვე პოპკულტურის მისამართით აკეთებს, არამედ კლასიკური ნაშრომების მიმართაც. მაგალითად, მისი ორი წიგნი Lords And Ladies და Wyrd Sisters. თუ შექსპირის A Midsummer night's dream არ გაქვთ წაკითხული, მაშინ წიგნის სრულ დაფასებას ვერ მოახერხებთ. პრატჩეტის კითხვა სახალისოა მათთვისაც, ვინც წიგნი პირველად დაიკავა ხელში, მაგრამ დამატებით „ჯილდოვდება" ის, ვინც ლიტერატურით უკვე დიდი ხანია გატაცებული.

ტერი პრატჩეტის წიგნები ერთი შეხედვით ბავშურად მარტივია, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვან თემებს ეხება... აღსანიშნავია, რომ პრატჩეტი ასევე გამოირჩევა სიტყვებით თამაშის ნიჭით (wordplay) (თუმცა, სამწუხაროდ, ეს თვისება ან კარგად არ ჩანს თარგმანში, ან საერთოდაც იკარგება). ამ უნარის გამო მას ხშირად ადარებენ ისეთ მნიშვნელოვან ავტორებს, როგორიც დუგლას ადამსი და პ. ჯ. ვუდჰაუსია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საოცარია ლიტერატურული საზოგადოების სნობური დამოკიდებულება პრატჩეტის მიმართ. მან პირველი სერიოზული ჯილდო მხოლოდ 2002 წელს მიიღო (თუმცა 2009-ში რაინდის წოდება მიანიჭეს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის) საბავშვო წიგნისათვის The Amazing Maurice and his Educated Rodents. ამით თითქოს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ფენტეზი ბავშვების გატაცებაა და თავისი ადგილიც შესაბამისად უნდა იცოდეს. კრიტიკოსთა ზრდადი ნაწილი, პრატჩეტი და ამ სტატიის ავტორი მიიჩნევენ, რომ მისი ნაშრომების ნაკლებად დაფასება მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ თავისი ნოველების ფონად ფენტეზის სეტინგი აირჩია. ხოლო ის, რომ ფენტეზი, როგორც ჟანრი, ყველაზე ნაკლებად დაფასებულია, ლიტერატურული საზოგადოებიდან ძირითადად უარყოფით შეფასებას იღებს და მკითხველთა დიდი ნაწილი მას ბავშვების გასართობად მიიჩნევს, ცნობილი ამბავია.

აი, რას ამბობს ამის თაობაზე თვითონ პრატჩეტი: „ახლა ვიცი, რომ თითქმის მთელი ფიქცია ფენტეზია. ის, რასაც აგათა კრისტი წერდა, ფენტეზია, ის, რასაც ტომ კლენსი წერს, ფენტეზია. ის, რასაც ჯილი კუპერი წერს, ფენტეზია – ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. მაგრამ როდესაც გესმით – ხმლები, მოლაპარაკე ცხოველები, ვამპირები, კოსმოსური ხომალდები (სამეცნიერო ფანტასტიკა იგივე ფენტეზია, ოღონდ ჭანჭიკებით), თვალწინ შეიძლება მართლაც საკმაოდ სულელური სანახაობა წარმოგიდგეთ. თუმცა, ამავე დროს, ფენტეზი ვარაუდობს, რა მოხდება მომავალში, თავიდან წერს წარსულს და უფიქრდება აწმყოს. ის თამაშობს სამყაროსთან".
მიუხედავად იმისა, რომ პრატჩეტის წიგნები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მოქმედება თითქმის ყოველთვის ერთ ქალაქში, Ankh-Morpork-ში ვითარდება. აქ ნაცნობ პერსონაჟებს ხშირად გადავეყრებით, ზოგჯერ მთავარ როლებში, ზოგჯერ მეორეხარისხოვან, ზოგჯერაც კი უბრალოდ რამდენიმე წინადადებაში. პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე ხშირად, თითქმის ყოველ წიგნში იხილავთ, სიკვდილია. ძირითადად ის რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლება, ზოგჯერ მეორეხარისხოვანი გმირიცაა, მაგრამ ორივე თავს დაგამახსოვრებთ.

ასევე პოპულარული პერსონაჟები არიან რინსვინდი, წარუმატებელი და მშიშარა ჯადოქარი, რომელსაც ხშირად უწევს სამყაროს გადარჩენა; თუფლაუერსი, გულუბრყვილო ტურისტი თავის მრავალფეხა და ყოვლისმჭამელ „კომპანიონთან" ერთად; კოჰენი, ბებერი ბარბაროსი და სიუზანი, სიკვდილის შვილიშვილი. ასევე ორი სიტყვა უნდა ითქვას დისკვორლდის ღმერთებზე (რათა მათი რისხვა თავიდან ავიცილო), რომელთა შორის ყველაზე გავლენიანები ჭექა-ქუხილის ღმერთი ბრმა იოა და ქალბატონი, რომლის სახელის წარმოთქმა მის გაქრობას იწვევს. დისკვორლდის ღმერთებს ერთი ცუდი ჩვევა აქვთ, საღამოობით ათეისტების სახლებთან მიდიან და ფანჯრებს უმტვრევენ. ისინი ერთმანეთს პირდაპირ არ უპირისპირდებიან, ამას მათ მაგივრად მათი მრევლი აკეთებს. რაც უფრო ძლიერად სწამს ხალხს ღმერთების, მით უფრო ძლიერნი არიან ისინი. თავისუფალ დროს ღმერთები მოკვდავების ამსახველი ფიგურებით არც ისე ჩახლართული, მაგრამ სისხლიანი თამაშით ირთობენ თავს.

ასეთია დისკვორლდის სამყარო, თუმცა ზემოთ მოყვანილი აღწერილობა აბსურდის აისბერგის მცირედ ნაწილს წარმოადგენს. ათწლეულებზე გადაჭიმული შემოქმედების დეტალურად განხილვა საკმაოდ რთული საქმეა. ტერი პრატჩეტი იმ იშვიათ ავტორთა სიაში შედის, რომლის წაკითხვა და აღმოჩენა განურჩევლად ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები