რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

პრემიერმა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაზა ვაშაყმაძე დანიშნა

ზაზა ვაშაყმაძე
facebook.com/zaza.vashakmadze.71

30 აპრილს პრემიერმინისტრმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელად ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე დანიშნა. ვაშაყმაძე სასამართლოში კუდ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ინტერესებს იცავდა, ის საეკლესიო სამართლის სპეციალისტია.

ვაშაყმაძეს ეკუთვნის სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლების შემოღების ინიციატივა. მის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ღარიბაშვილს სახელმწიფო სააგენტოს კანდიდატების მათთან კონსულტაციების შემდეგ დანიშვნა შესთავაზეს, რელიგიური საბჭო და არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია:

"კერძოდ: სააგენტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა სააგენტოს მიზნების და უფლებამოსილების უკეთესად გააზრებას;

რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ცენტრალიზებული სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს;

სააგენტოს შექმნის მიზნები, ისევე, როგორც მისი უფლებამოსილებები, სრულად არ ასახავს რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სეკულარიზმის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს;

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, ასევე, მისი საქმიანობის სტრატეგია, მიზნები და მანდატი დამატებით საჯარო განხილვასა და გადასინჯვას მოითხოვს. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მანამდე გადაწყვეტს სააგენტოს თავმჯდომარის დანიშნვას, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს ლეგიტიმურობისთვის არსებითია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან აქტიური კონსულტაციისა და კონსენსუსის გზით, ღია პროცესების ფარგლებში წარიმართოს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები