ანტიდისკრიმინაციული კანონი

დიმიტროვი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ვიზა ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია

ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება საქართველო-ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციისთვის ერთერთი აუცილებელი მოთხოვნა იყო. აღნიშნული განცხადება დიმიტროვმა საქართველოში ევროპის კვირეულის გახსნის შემდეგ გააკეთა. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ფილიპ დიმიტროვმა ივნისში დაგეგმილ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

"საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ახალ გზას ხსნის ვიზა ლიბერალიზაციის მოლაპარაკებების პროცესში. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს იმას, რაც იმედია, მომავლ თვეში მოხდება. 10 წლის წინ, საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო, დღეს კი, ის ევროინტეგრაციისთვის საუკეთესო კანდიდატია. ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ამ ყველაფერში არის ის, რომ ევროპა არის მკაფიო არჩევანი არა მხოლოდ სახელმწიფოს, სამინისტროებისა და ადმინისტრაციისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის" - თქვა დიმიტროვმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის საჭირო პროცედურები განმარტა. ფილიპ დიმიტროვის თქმით, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო აქტების მიღება და შემდეგ მათი განხორციელება.

"ვიზა ლიბერალიზაციის მოლაპარაკებები ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ფაზა არის გარკვეული საკანონმდებლო აქტების მიღება, მეორე კი მათი განხორციელება. ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო ერთერთი ნაწილი, რომლის მიღებაც აუცილებელი იყო, რათა მოლაპარაკებების პირველი ფაზა დასრულებულიყო. თუ არ მიიღებდით ამ კანონს, თქვენ მაინც მიაღწევდით ვიზების ლიბერალიზაციას, თუმცა ეს პროცესებს დრამატულად გააჭიანურებდა. თუ ქვეყანაში დისკრიმინაცია შესაძლებელია, მაშინ არ უნდა გქონდეთ ვიზა ლიბერალიზაციის მოლოდინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეთა დიდმა ჯგუფებმა შესაძლოა დაიწყონ ქვეყნის დატოვება, რადგან ისინი გარკვეული მიზეზების გამო თავს გასამართლებულად ჩათვლიან. ყველა ვიზა ლიბერალიზაციის მქონე ქვეყანას, მსგავსი კანონები მიღებული აქვს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ არავინ უნდა იყოს დისკრიმინებული პოლიტიკური კუთვნილების, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით. ასე რომ, ეს არის რაღაც, რაც აბსოლუტურად მოთხოვნადი ნაწილია ვიზების ლიბერალიზაციისთვის" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო, საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებს.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული.

კომენტარები