მარგველაშვილი: ეს სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მრავალი მილიონი ადამიანისთვის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელი სამმხრივი სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანისთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვის. ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მივესალმო ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებს, მათ თანმხლებ დელეგაციებს, ყველას, ვინც დღევანდელ სამიტში მონაწილეობდა. ეს სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონს გარეთ, მრავალი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც ამ სამიტის სიკეთეებით ისარგებლებს. მინდა მადლობა ვუთხრა თურქეთის პრეზიდენტს იმისთვის, რომ ასეთი სამიტის საფუძვლის ჩაყრის იდეა წარმოიქმნა. მადლობა ილჰამ ალიევს, რომელმაც თავის მხარდაჭერას და სამიტის მომავალ რეგულარობას გაუსვა ხაზი. სამიტზე ჩვენ ვსაუბრობდით იმ თანამშრომლობაზე, რომელიც შედგა ჩვენს სამ ქვეყანას შორის. ეს ისტორიული თანამშრომლობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონის ეკონომიკაზე, სტაბილურობაზე, გავლენას ახდენს ათობით მილიონ ადამიანზე როგორც აზიაში, ასევე ევროპაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის გათვალისწინების შედეგად სარგებლობს ამ თანამშრომლობის შედეგებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სამიტზე ისაუბრეს იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელიც დაწყებულია და ერთმანეთთან აერთებს კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზებს.

მარგველაშვილის თქმით, ამ პროექტების გაღრმავება და კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა რეალურად უზრუნველყოფს სტაბულურობას რეგიონში.

"ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რეგიონი უფრო სტაბილურია, როდესაც მეტი ქვეყანაა ამით დაინტესებული. ასეთი მუშაობისკენ იყო მიმართული სამივე ქვეყნის დელეგაცია", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები