ISAF-ის მისია

ავღანეთიდან 31-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 151 ქართველ სამხედროს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე დახვდნენ.

”სამხედროებს საქართველოში მშვიდობით დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს ასევე, III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე" ISAF-ის მისია 7 თვის განმავლობაში შეასრულეს. აშშ-ს საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, მათ სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.

31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონის 300 სამხედრო რამდენიმე დღის წინ უკვე დაბრუნდა საქართველოში. ქვედანაყოფი სამშობლოში მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს”, - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები