სექსუალური უმცირესობები

ომბუდსმენი: ლგბტ პირები სამართალდამცავებს ჰომოფობიის შიშით არ მიმართავენ

0 კომენტარი

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული არ არის, თუმცა, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ იძლევა უფლებადაცვის ადეკვატურ გარანტიებს. ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ პირები ხშირ შემთხვევაში არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს დარღვეული უფლების აღსადგენად, რადგან არ აქვთ ნდობა და ფიქრობენ, რომ მიმართვის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულების მსხვერპლი გახდებიან.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვითვე, ხშირია ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, რაც მათ აიძულებთ, დამალონ ინფორმაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

"მაშინ, როდესაც საზოგადოება დასაშვებად მიიჩნევს ჰეტეროსექსუალი წყვილების ურთიერთობის საჯარო გამოხატულებას, ლგბტ პირების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი მათ მიმართ ძალადობის მიზეზი ხდება", - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვითვე, საქართველოში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობის ამსახველი კვლევები და ანგარიშები ერთხმად აღიარებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები არასაკმარისადაა გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რაც ზოგ შემთხვევაში, მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება.

ომბუდსმენი თავის 2013 წლის ანგარიშში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი აქციის დარბევაზეც საუბრობს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარალელური აქციის მონაწილეების მიზანი არა აქციის ხელშეშლა, არამედ აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე იყო ინფორმირებული ზემოაღნიშნული აქციებისა და იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. პარალელური აქციის მონაწილე 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული ჯარიმა. 5 პირს, მათ შორის, ორ სასულიერო პირს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის წესით (1 სასულიერო პირს ბრალდება მოეხსნა)", - ნათქვამია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში. ანგარიშის ნაწილი - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები“ ომბუდსმენმა არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები