აბდულა გიულის ვიზიტი

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს

facebook.com/Margvelashvili

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრების მსვლელობისას მნიშვნელოვანი, მათ შორის, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ტრანსნაციონალური პროექტები განიხილეს. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ეკონომიკის, ბიზნესის, სამხედრო და კულტურის სფეროებში და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ჯგუფების ინტერესები ორივე ქვეყანაში ერთნაირად არის და იქნება დაცული. 

თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მიღებისთვის და ყურადღება ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობაზე გაამახვილა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ პოზიციას საერთაშორისო დონეზე. აბდულა გიულმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაღრმავდეს თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე სატრანსპორტო მიმართულებით.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის თემას, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ორივე მხარე ვალდებულია, ზრუნავდეს ძეგლების მოვლასა და აღდგენაზე. მისი განცხადებით, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსის თავისუფლება, რასაც ორივე ქვეყანა იცავს და მომავალშიც დაიცავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და აბდულა გიულმა სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით გაიმართა. როგორც ლიდერებმა აღნიშნეს, მხარეები სამიტის რეგულარულად გამართვაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, მსგავს შეხვედრებს რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

პრეზიდენტის სასახლიდან აბდულა გიული გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები