კეზერაშვილის და ნინუას საქმე

კეზერაშვილის ადვოკატი: სამხედრო წვრთნები ნამდვილად ჩატარდა

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის თქმით, პროკურატურა ტყუის, როცა აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა. მისივე აზრით, კეზერაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ახალი ბრალი იმიტომ წაუყენეს, რომ ალექსანდრე ნინუა კვლავ პატიმრობაში დარჩეს. 

"პროკურატურამ განცხადებაში ახსენა, რომ წვრთნები არ ჩატარებულა. თუმცა, თვითონ ბრალის ფორმულირებაშივე წერია, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა, უბრალოდ, საუბარია ანგარიშსწორების თემაზე თითქოს გაჩენილ შეკითხვებზე. რეალურად, ახალი საქმის დანიშნულებაა ის, რომ ხუთჯერ გადადებული პროცესის და გამოცვლილი პროკურორის შემდეგ, არ მოხდეს ისე, რომ ალექსანდრე ნინუამ თავი დააღწიოს საპყრობილეს" - თქვა მინდელმა.

ალექსანდრე ნინუას ადვოკატის ოთარ კახიძის შეფასებით კი, სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ საქართველო იმყოფება სერიოზული წნეხის ქვეშ სამხედრო შესყიდვებთან, მათ შორის, სამხედრო მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღევანდელი განცხადება კეზერაშვილის და ნინუასთვის ბრალის წაყენების შესახებ, სამხედრო შესყიდვებს გაართულებს.

"რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ძალიან ძლიერი და სამხედრო ინდუსტრიით მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში, მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომწოდებლებს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ასაჯაროებს მომწოდებლების შესახებ ინფორმაციას, ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას სამხედრო მომსახურების თუ სამხედრო მატერიალური აღჭურვილობის შესყიდვებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ძალიან გაართულებს ანალოგიური ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას" - აღნიშნავს ადვოკატი.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ბრალდების შესახებ დადგენილებები დღეს გამოიტანა. მათ ბრალს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. 

პროკურატურის განცხადებით, "2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება - ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ". ამავდროულად, გამოძიების ვერსიით, "დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია “Girwood Business Corp.“-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით". პროკურატურის განცხადებით, "ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40 %, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა". საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია “Girwood Business Corp.“-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შეყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ალექსანდრე ნინუამ სამი კვირის წინ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალი საქმის გამოძერწვას ცდილობს. ნინუა აღნიშნავდა, რომ „პროკურატურას უნდა დაასწროს“. მას ორი ბრალი უკვე წაყენებული აქვს. აქედან ერთ-ერთზე, რომელიც საიდუმლო წარმოების წესების დარღვევას ეხება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე დამამთავრებელი სასამართლო სხდომა მეხუთედ, პროკურორის შეცვლის გამო გადაიდო და პროცესი ხვალ, 8 მაისს გაიმართება. 

ალექსანდრე ნინუას განცხადებით, მან შეგნებულად დააკავებინა პოლიციას თავი და იარაღი დააგდო პოლიციის თვალწინ. ამის მიზეზი კი, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ნინუაზე განხორციელებული ზეწოლები გახდა. კერძოდ, ნინუამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, პროცესზე განაცხადა, რომ მას არაერთხელ მოსთხოვეს პროკურატურაში მისი მეგობრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, ამის შემდეგ კი დაიწყეს მის თანამშრომლებზე ზეწოლა. ნინუამ აღნიშნა, რომ ციხის არ ეშინია და სწორედ აქედან გამომდინარე მოაწყო დაკავების პროვოცირება.

კომენტარები