NDI-ის კვლევა

NDI: წინა კვლევასთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილი 23%-ით ნაკლებს მოსწონს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აპრილის კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი 23%-ით შემცირდა. ივანიშვილი გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, ხოლო 20%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, ყოფილი პრემიერი კვლევაში მონაწილეთა 74%-ს მოსწონდა.

ბოლო კვლევის მიხედვით, NDI-ის გამოკითხულებს ივანიშვილზე მეტად მოსწონთ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია (67%), პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი (64%), პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (61%). 

ბიძინა ივანიშვილის მსგავსი კეთილგანწყობის რეიტინგი აქვთ ვიცეპრემიერ კახა კალაძეს და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. ისინი გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა ბაქრაძისადმი კეთილგანწყობილთა რიცხვი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები