0 კომენტარი

საქართველოში ევრომაიდნის გამეორების შესაძლებლობაზე, როგორც საფრთხეზე ქვეყნის სტაბილურობისთვის, ოფიციალური პირებიდან პირველმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ისაუბრა. მინისტრმა არეულობისთვის მზადებაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

„მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდნის აქტივისტები. ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას", – განაცხადა ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში, რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნდა. „არის ინფორმაცია, რომ დაიწყეს საბურავების შესყიდვაც", – ხაზი გაუსვა მინისტრმა და გამოთქვა რწმენა, რომ ოპოზიცია „მაიდნის" გეგმას ვერ განახორციელებს.

თუ რა ინფორმაციას ეყრდნობოდა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუმცა, მანამდე, 23 მარტს, მსგავსი შინაარსის განცხადებით ხელისუფლებას რეაგირებისთვის მედიაკავშირ ობიექტივის დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა მიმართა. მან განაცხადა, რომ მაიდნის მომზადების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ფლობდა და ცოტა ხანში დეტალურ მასალებს გამოქვეყნებდა, მათ შორის, იმის შესახებ, თუ რომელ ბაზაზე გადიან მზადებას თბილისური მაიდნის მომავალი აქტივისტები.

ჭიკაიძის ნათქვამი „მაიდნისთვის მზადების" შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას „აქვს ასეთი იდეა" და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი, ჭიკაიძის განცხადების კომენტირებისას, დესტაბილიზაციის მოწყობის მსურველებს დაემუქრა და განაცხადა, რომ ამგვარი მცდელობა მათ „ძალიან ძვირი დაუჯდებათ".

თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ „მაიდნისთვის" მზადება კატეგორიულად უარყო, ბრალდების დამადასტრებელი კონკრეტული ფაქტები კი არც შსს-ს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მოუყვანიათ. შს მინისტრი 17 აპრილს დადეგმილ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობასთან არ მივიდა, სადაც სწორედ თბილისში „მაიდნის" გეგმაზე უნდა ესაუბრა. ჭიკაიძემ მოუცლელობა მოიმიზეზა.

მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ირმა ინაშვილმა თბილისში მაიდნის მომზადების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი „მტკიცებულება" წარადგინა – ფოტო, რომელზეც რამდენიმე ნიღბიანი ახალგაზრდა იყო აღბეჭდილი, რომლებსაც საქართველოს დროშა ეჭირათ და უკრაინელი ნაციონალისტების წითელ-შავი დროშის ფონზე იდგნენ. ამ „მტკიცებულებას" საზოგადოება იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ნამდვილად არეულობას ამზადებს. ინაშვილმა ასევე უკრაინული „ფაშისტური" ორგანიზიაცია УНА-УНСО ახსენა, რომელთანაც, თითქოს, კავშირი აქვთ „ზონდერებს" ნაციონალური მოძრაობიდან.

„მტკიცებულების" წარდგენას ქართული ნაციონალისტური ორგანიზაცია ეროვნული ფრონტი გამოეხმაურა, რომლის ლიდერმა ევგენი მიქელაძემ დაადასტურა, რომ წარმოდგენილ ფოტოზე მისი ორგანიზაციის წევრები არიან აღბეჭდილი. ეროვნულმა ფრონტმა 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციაში მონაწილეობით, ასევე შემოდგომაზე თურქული ბარების წინააღმდეგ აქციების გამართვით გამოიჩინა თავი. მართალია, ეროვნული ფრონტი კიევის მაიდანს, კონკრეტულად კი მაიდნის აქციებში მონაწილე უკრაინულ მემაჯვენე სექტორს, მხარდაჭერას უცხადებდა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან და არეულობის გეგმებთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ხელისუფლების მიერ „მაიდნის" თემის აგორებამ განვითარება ვერ ჰპოვა. თუმცა, ამ ამბავმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ შს სამინისტრო საეჭვო წყაროების მიერ მოყვანილ ინფორმაციას გადაუმოწმებლად ეყრდნობა და შემდეგ ფაქტების დადასტურებას ვერ ახერხებს.

ამ თემის წამოწევის მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია უნდა ყოფილიყო. თუმცა, შედეგი ქართულ შიდაპოლიტიკურ დისკურსში კიევის ევრომაიდნის უარყოფით კონტექსტში მოხსენიების შემოტანა, მისი საფრთხესთან ასოცირება გახდა. ევრომაიდნის უკრაინელი აქტივისტებიც, ჭიკაიძის განცხადებიდან გამომდინარე, საქართველოში დესტაბილიზაციის პოტენციურ შემომტანებად გვევლინებიან. ეს იმ დროს, როდესაც ქართულ საზოგადოებაში, საერთო ჯამში, კიევში მიმდინარე აქციებისადმი დამოკიდებულება დადებითი იყო. გარდა ამისა, მთელი ცივილიზებული სამყარო კიევის მაიდანს სახალხო რევოლუციად აღიარებს, რომელიც მოძალადე ლეგიტიმურობადაკარგული ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევრომაიდანს ნეგატიურად მოიხსენიებს, რუსეთია.
ირმა ინაშვილის მიერ ფოტოსურათის დემონსტრირებაც და УНА-УНСО-ს წევრების „ფაშისტებად" მოხსენიებაც რუსული პროპაგანდისტული შტამპის გამეორებას წარმოადგენდა უკრაინელი „ფაშისტების და ბანდეროვცების" შესახებ. ამ ორგანიზაციისა და მთლიანად მემარჯვენე სექტორის მიმართ დამოკიდებულება უკრაინაშიც არაერთგვაროვანია, თუმცა მათ ფაშისტებად მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და რუსული პროპაგანდა მოიხსენიებს.

ასევე რუსული პროპაგანდისტული მესიჯის გამეორებას ჰგავდა შს მინისტრის მტკიცება, თითქოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს საკუთარი აქტივისტებისთვის ცეცხლის გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი. ანუ, ეს შეიძლება მივიღოთ მინიშნებად, რომ კიევის მაიდანზეც უკრაინულმა ოპოზიციამ საკუთარ მომხრეებს ესროლა – რასაც რუსული სახელისუფლებო პროპაგანდა ამტკიცებს, და იმავეს გამეორება თბილისშიც შესაძლებელია.

9 აპრილს ეს თემა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა, თვითმარქვია „გენერალმა", ტრისტან წითელაშვილმა განავითარა. მან რუსულ მედიას განუცხადა, რომ კიევის მაიდანზე „სააკაშვილის სნაიპერები" ისროდნენ, რომლებსაც გივი თარგამაძე და გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. რუსულმა მედიამ წითელაშვილის განცხადება აიტაცა და იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ გენერლად მოიხსენია. თუმცა, მას გენერლის წოდება არასდროს ჰქონია და შეიარაღებული ძალები 2001 წელს პოლკოვნიკის წოდებით დატოვა. წითელაშვილმა პრორუსული ევრაზიული კავშირის მიერ თბილისში ორგანიზებულ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პრორუსი აქტივისტის, ე.წ. გენერლის მიერ მაიდნის დისკრედიტაციისა და საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან მისი დაკავშირების მცდელობა კარგად ჩაჯდა რუსულ პროპაგანდისტულ კამპანიაში და, იმავდროულად, დაემთხვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მაიდნის, როგორც საშიში მოვლენის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლების ასეთი შიშნარევი დამოკიდებულება მაიდნის მიმართ, მოულოდნელი და გასაკვირი არ არის. უკრაინაში გამოსვლების დაწყების შემდეგ ხელისუფლება თავს იკავებდა მაიდნის ღია მხარდაჭერისგან. კიევში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ მაიდნისთვის მხარდაჭერის გამოსახატად, თუმცა არც უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებამდე და არც მას შემდეგ, საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ან ოფიციალური პირი უკრაინაში არ ჩასულა.

უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა თბილისმა პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციებით დააფიქსირა, თუმცა რეზოლუციების ფორმულირებები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დებატებისა და დავის საგანი ხდებოდა.

3 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უკრაინის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა არ სურს: „იმდენი პრობლემა გვაქვს დღეს ჩვენ, რომ არ მინდა სხვა სახელმწიფოს მივუთითო იმ პროცესებზე, რაც შეიძლება არ იყოს დემოკრატიული ჩვენთვის". მაშინ, როდესაც კიევში უკვე სისხლი დაიღვარა და მთელი მსოფლიო მხარს უჭერდა დემონსტრანტებს და გმობდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას, ოფიციალური თბილისი და ხელისუფლების არაფორმალური ლიდერიც დუმილს და ნეიტრალიტეტს ამჯობინებდნენ.

რა იყო ამის მიზეზი? ერთ-ერთი, ალბათ, იყო უარყოფითი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის და ყველაფრის მიმართ, რაც მასთან ასოცირდებოდა. მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები, მაიდანზე გამოდიოდნენ და უკრაინელ დემონსტრანტთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

მეორე მიზეზი, შესაძლოა, იყო რუსეთის ნაკლებად გაღიზიანების სურვილი, რათა თუნდაც ვაჭრობის სფეროში მიღწეული შეთანხმებები საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო.

მაგრამ მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ქართული ოცნება იანუკოვიჩის ხელისუფლებაში, გარკვეულწილად, საკუთარ თავს ხედავდა. ამ ორ ხელისუფლებას შორის მსგავსება მართლაც არსებობს.

პირველ რიგში, ქართული ოცნებაც და იანუკოვიჩის რეგიონების პარტიაც, ფაქტობრივად, რევანშისტები, „ფერად რევოლუციებთან" მებრძოლი პოლიტიკური ძალებია.

ორივე ძალა ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ლოზუნგით. თუმცა, ორივემ ამაში, ფაქტობრივად, წარუმატებლობა განიცადა.

იანუკოვიჩის ხელისუფლება, ისევე როგორც ქართული ოცნების მთავრობა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აპატიმრებდა. უკრაინის შემთხვევაში, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ეს ფაქტები პოლიტიკურ დევნად და შერჩევით მართლმსაჯულებად შეაფასა. საქართველოს ხელისუფლებამაც ამის გამო დასავლეთისგან არაერთი შენიშვნა დაიმსახურა.

კიევში საპროტესტო აქციების დაწყება დიდწილად იანუკოვიჩის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სრულმა კრახმა განაპირობა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის საწყისი პერიოდიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მკვეთრი შემცირებით და ეროვნული ვალუტის კურსის დაცემით ხასიათდებოდა.

იანუკოვიჩის ხელისუფლება, ისევე როგორც საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ევროინტეგრაციის კურსს დეკლარირებდა და გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ მხოლოდ ბოლო მომენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე შეცვალა.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დღევანდელ სახელისუფლებო გუნდში აშკარად ანტიდასავლური განწყობის მქონე პოლიტიკოსების არსებობას, ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცევა ხელისუფლება და მოახერხებს თუ არა ევროპული კურსის შენარჩუნებას, თუ რუსეთის ზეწოლისა თუ საკუთარი შეცდომების წყალობით, იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად, გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ბოლო პერიოდში კი, საქართველოს მოქმედი მთავრობა აშკარად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავს პრაქტიკას მიმართავს – ოპონენტების წინააღმდეგ აქტივისტთა ორგანიზებული აგრესიული ჯგუფების, ე.წ. ტიტუშკების გამოყენებას.

ქართული ოცნებისა და უკრაინის რეგიონების პარტიის ამ მსგავსებებს თუ გავითვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლებას მაიდნის შიში უჩნდება, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარ თავს იანუკოვიჩის ავტორიტარულ ხელისუფლებასთან აიგივებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები