NDI-ის კვლევა

NDI: 57%-ის აზრით, არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 57%-ის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები "მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება". კვლევაში მონაწილეთა 15% ფიქრობს, რომ "ძალიან კარგად ჩატარდება", 10% მიიჩნევს, რომ "ნაწილობრივ გაყალბდება", ხოლო 2%-ის აზრით, "სრულიად გაყალბდება".

კითხვაზე, "ვისი აზრია მნიშვნელოვანი, რომ ჩავთვალოთ - არჩევნები კარგად ჩატარდა თუ არა", გამოკითხულთა 45% პასუხობს, რომ "ჩემი". კვლევაში მონაწილეთა 26% ცენტრალური საარჩევნო კომისიის აზრს მიიჩნევს მნიშვნელოვნად, 23% ამბობს, რომ "ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხი". NDI-ს გამოკითხულთა 19%-სთვის უცხოელი დამკვირვებლების აზრია მნიშვნელოვანი. 15%-სთვის "პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს", 12% პასუხობს, რომ "ქართული არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები", 12% - "საქართველოს მთავრობა", 8% - "ეკლესია", 3% - "სხვა ქვეყნების მთავრობები".

ამასთან, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 60% მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 40% - არა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები