უილიამ ჰეიგის ვიზიტი

უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს მთავრობა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და NATO-ს უელსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
"საქართველოს პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ენერგეტიკულ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ძალიან აფასებს საქართველოს კურსს, ასევე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. უილიამ ჰეიგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უელსში NATO-ს სამიტზე გაერთიანდება ძალისხმევა, რათა მიიღწეს პროგრესი", - აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.
 
უილიამ ჰეიგი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციასთან.

კომენტარები