ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უსუფაშვილი ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობას და განსაკუთრებით, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს. დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 69-ე წლისთავს. ვულოცავ განსაკუთრებით ვეტერანებს, რომლებმაც მაშინ დაიცვეს საკუთარი სამშობლო. საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ, ბევრი ომი და ომის ვეტერანია, ბევრია გმირობის მაგალითები – მათ მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყანა და ჩვენია ვალია გავუფრთხილდეთ მათ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ "უნდა ვეცადოთ, აღარ დაგვჭირდეს ომი".

მისივე თქმით, ვეტერანთა ღვაწლის სრულად შეფასება და დაფასება შეუძლებელია.

"ვერც დღევანდელი და ვერც წინა ხელისუფლებები ვერ მოვახერხებდით ამას, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ვეტერანებს და უნდა ჰქონდეთ ჩვენი თანადგომა და სითბო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ფაშიზმზე გამარჯვებიდან 69 წელი გავიდა. 9 მაისი ომის ვეტერანებმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნეს.

კომენტარები