ფაშიზმზე გამარჯვების დღე

პრემიერი: ვამაყობთ, რომ საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 9 მაისი ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღეა, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა. პრემიერმა მოსახლეობას და განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

" ეს იმ გმირების დღეა, რომლებმაც თავი დადეს ამ ბრძოლაში და მათი, ვინც გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში. ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლისა და უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმით, რომ საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. ჩვენი ქვეყნის შვილებმა თავგანწირულად იომეს - საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. მინდა პატივი მივაგო გმირებს - ცოცხლებსა და დაღუპულებს, ცნობილებსა და უცნობებს, რომელთა საფლავებიც საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე დარჩა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნისა და უკვდავი სახელების წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს კი ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცში.

დღეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ფაშიზმზე გამარჯვებიდან 69 წელი გავიდა. 9 მაისი ომის ვეტერანებმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნეს.

კომენტარები