დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

radiotavisupleba.ge

26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა დღეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული კონცეფციის სამუშაო ვერსია და ტექნიკური საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

კონცეფციის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც სამინისტროების, თბილისის მერიის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებების გეგმა დასამტკიცებლად 26 მაისის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიას წარედგინება. კომისიის პირველი სხდომა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ 15 მაისს გაიმართება.

კომენტარები