NATO-საქართველოს ურთიერთობა

ვიქტორ დოლიძე: მანანა კობახიძის მოსაზრებას არ ვეთანხმები

„მანანა კობახიძის მოსაზრებას არ ვეთანხმები. პუტინის აგრესიული პოლიტიკის გამო დღეს ევროპული უსაფრთხოების კონიუნქტურა იმდენი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დგას, რომ არ მგონია, ნაადრევი იყოს ისეთი ნაბიჯები, რომელიც სანქციებზე უფრო ღირებული და სერიოზული იქნება“, - თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ ტაბულას ეთერში, თოქ-შოუ ფოკუსში სტუმრობისას.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, საქართველოში NATO-ს თავდაცვითი საშუალებების განთავსების შესახებ ირაკლი ალასანიამ ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და ასეთ დროს სიფრთხილეა საჭირო.

„არანაირი დაპირისპირების შესახებ საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. თუკი საქმე  ჯანსაღ კონკურენციას ეხება, ამას, მხოლოდ მივესალმები. მანანა კობახიძემ, რაც თქვა, ეს თავისი აზრია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ნაციონალური მოძრაობისგან სწორედ, იმით განვსხვავდებით, რომ აზრის გამოთქმის საშუალება ყველას აქვს“, - ამბობს დოლიძე.

როგორც ვიქტორ დოლიძე ამბობს, დღეს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის რეალური ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ არის საუბარი.

„ამ შესაძლებლობების NATO-ს სტანდარტებთან მოყვანას, მათ შორის ტრენინგების ჩატარებას, განათლებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“, - აღნიშნავს დოლიძე.

დოლიძის ინფორმაციით, ეს საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ იყო განხილული.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ჩვენი უმთავრესი პარტნიორია. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ, მათ შორის თავდაცვის მიმართულებით“, - თქვა დოლიძემ.

კომენტარები