უკანონო მოსმენები

ნიკა გვარამია დაკითხვაზე ხვალ მივა

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გვარამიას პროკურატურის წარმომადგენელმა უწყება წუხელ გადასცა. ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ, დამატებით დაკითხავენ. 

ნიკა გვარამია პროკურატურაში დღეს, 12:00 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა დაგეგმილი დღის გამო, ის ჩვენების მიცემას ხვალ აპირებს.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში აღმოჩენილი სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომელიც სამსახურიდან  7 მაისს გაათვისუფლეს, გამოძიებას კადრები გადასცა. უწყების ცნობით, ვიდეომასალა 2012 წლის 21 დეკემბერს არის ჩაწერილი და მასში ასახულია ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში მუშაობენ. მოწმის განცხადებით, მან მომდევნო პერიოდში ტელეკომპანიაში ფარული ჩამწერი მოწყობილობის მონტაჟის კვალი აღმოაჩინა.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით კი, საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ფარული მიყურადების ავტორი სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე თვალთვალის უშუალო ორგანიზატორი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.

გადაცემა რეაქციაში  ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ჩვენი ხელისუფლება არაფერ შუაშია". 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ს იმპროვიზაციის კარგი უნარი აქვს, განსაკუთრებით აქტიურობს და ინიციატივებს იჩენს. 

კომენტარები