ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გუშინ, ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებისა და ბერლინის ჰერტას ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან კობიაშვილმა.

36 წლის ქართველი ფეხბურთელი გერმანიაში 1998 წელს გადაბარგდა და მას მერე ბუნდესლიგაში 351 მატჩში 32 გოლი გაიტანა. კობიაშვილი გერმანულ ლიგაში ნათამაშები შეხვედრების რაოდენობით ლეგიონერებს შორის ისტორიაში მეორე ადგილზეა, რაც უდიდესი შედეგია. ქართველს მხოლოდ კლაუდიო პიზარო უსწრებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ლევან კობიაშვილმა 100 მატჩის ჩატარება მოასწრო, რაც ასევე რეკორდული შედეგია - კობი ასიანთა კლუბის ერთადერთი წევრია.

რუსთავის გორდას, თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას შემდეგ გერმანულ ფრაიბურგში ქართველმა 5 წლის განმავლობაში - 1998-დან 2003 წლამდე ითამაშა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და გელზენკირხენის შალკეში გადავიდა. 

კობიაშვილი ბუნდესლიგის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი გუნდის შეუცვლელი წევრი იყო. სწორედ შალკეს რიგებში, 2005-06 წლის სეზონში, ქართველმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში, პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ, სამი გოლი გაიტანა და დღემდე რჩება ამ ტურნირში, ჰეთთრიკის ავტორ ერთადერთ ქართველ ფეხბურთელად.

ბერლინის ჰერტაში კობიაშვილი 2010 წლიდან თამაშობდა, გუნდის კაპიტანიც იყო და კარიერის დასრულების შემდეგ, გუნდისგან წინადადება მიიღო კლუბის მენეჯმენტში ემუშავა. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა კობიაშვილი კლუბის წინადადებას, მაგრამ უფრო დიდი შანსია ის საქართველოში ჩამოვიდეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ განცხადებას ფეხბურთელი უახლოეს კვირებში გააკეთებს.

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, რომელშიც ჰერტამ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა, ის სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით - 0:4 დასრულდა. ლევან კობიაშვილმა მოედანი მეორე ტაიმში ოვაციების თანხლებით დატოვა. ჰერტას ფეხბურთელები შეხვედრაზე ერთნაირი მაისურებით გამოვიდნენ, წარწერით - მადლობა, კობი!.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაია საკუთარი გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღარ იძახებდა. კობიაშვილს გამოსათხოვარი მატჩი ეროვნულ გუნდში არ გაუმართავს. ტაბულასთან საუბარში, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ფეხბურთიდან გაცილებას თბილისში თავად გაუწევს ორგანიზებას. შეხვედრის გამართვის თარიღი ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ მასში კობიაშვილის მეგობარი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები