ფარული ჩანაწერები

ქართული ოცნება: ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საზოგადოება დააშანტაჟოს

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს. ამის შესახებ პარტიის პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის, უკანონო თვალთვალისა და ადამიანების შანტაჟის დასრულება იყო, რაშიც ქვეყანა წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

"ნაციონალური მოძრაობა არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა, დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება. ამაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მონაწილეობა მათთან ერთად ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას. ერთის მხრივ, ეს არის ქვეყნის იმიჯის შელახვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა; მეორეს მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ კოალიცია ქართულ ოცნებაში განხეთქილების შეტანას. მათი ეს აგონიური მდგომარეობა გასაგებია - 15 ივნისს ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას", - აღნიშნა გეგეჭკორმა.

ქართულ ოცნებაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შსს-დან გატანილი და დაკარგულია დიდი რაოდენობით აღურიცხავი პორტატული მოსასმენი ტექნიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე.

"ჩვენი შეფასებით, ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომლიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების წინ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე. დარწმუნებულებულები ვართ, გამოძიება დაინტერესდება ჩანაწერების ავთენტურობით, დაადგენს, ვის ხელშია მოსასმენი აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს. ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - აცხადებს გეგეჭკორი.

ქართული ოცნების განცხადებით, სპეციალური კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს.

კომენტარები