0 კომენტარი

1981 წლის 13 მაისი, გამარჯვებული თბილისის დინამო, დამარცხებული კარლ ცაისი, თასების მფლობელთა თასი, კოტე მახარაძის სიტყვები, ანზორ გაბიტაშვილის დაუვიწყარი მომენტი, დახვედრა აეროპორტში და აღნიშვნა თბილისის ქუჩებში... ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს თუ არ ახსოვს, არაერთხელ გაუგია, ვინმესგან მაინც მოუსმენია. 13 მაისი ის თარიღია, რომლითაც ქართული ფეხბურთი დღემდე ცხოვრობს, ცხოვრობს ქართველი გულშემატკივარიც. თუმცა, რა საჭიროა ეს მოკრძალებულობა, არა მხოლოდ ფეხბურთი, მთლიანად ქვეყნისთვის რთულია იპოვო ბევრი მსგავსი საამაყო თარიღი.

ასე მგონია, რომელიმე ქართულმა გუნდმა სულ რომ 10 ჩემპიონთა ლიგის და 20 ევროპა ლიგის ტიტული მოიპოვოს, 13 მაისის მნიშვნელობა ქართული ფეხბურთის ისტორიაში მაინც შეურყეველი დარჩება. ქართველებს უყვართ ფეხბურთი, ძალიან უყვართ და მისგან მიღებული სიხარული ყველაზე მეტად ახარებთ. პირადადაც, ყველაზე გახარებული ქართველები სწორედ სტადიონზე მინახავს. ვოვა გუცაევი იხსენებდა, გერმანიიდან თბილისში ჩამოსულები ერთი კვირის განმავლობაში გარეთ ვერ გამოვდიოდით, ველოდით, როდის ჩაქრებოდა ის მღელვარება, რაც ხალხში სუფევდაო. ეს იყო მანიაკალური სიყვარული, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ეს ის არის, რასაც ხელოვნურად ვერ შექმნი, ეს არის ის, რაც ცდება სპორტს, ფეხბურთს, ერთი ქვეყნის ერთ რიგით სტადიონს და ხდება უმნიშვნელოვანესი სოციალური მოვლენა. ამბობენ, იმ დღეს არცერთი დანაშაული არ მომხდარაო... არ ვიცი, არ გამომიკვლევია, სიმართლე გითხრათ, მაგრამ დაუჯერებელი ამაში ნამდვილად არაფერია. იმ ოცამდე ადამიანმა, ვინც თბილისის დინამოს წარმოადგენდა, შექმნა ისტორია. მათ ქვეყნის იმდროინდელ და შემდგომ ცხოვრებაზე იმხელა გავლენა მოახდინეს, რომ თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. ეს ძალიან კარგად ჩანდა, ჩანდა მათ თვალებში და მგონი არც არავის უცდია დამალვა – ამ ბიჭებმა გააკეთეს იმხელა რამ, რასაც თავადაც არ ელოდნენ.

თამაშამდე ნოდარ ახალკაცს უთქვამს, ჩვენ ვითამაშებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ, კარგი რა – ჩვენ ვინ გაგვამარჯვებინებსო. ვინ იცის, მართლა ჰქონდათ თუ არა მსგავსი ჩანაფიქრი ევროპული ფეხბურთის მამებს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ის საღამო დინამოელების იყო.

ვიტალი დარასელიამ 1981 წლის 13 მაისს გაიტანა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გოლი, 1982 წლის 13 დეკემბერს კი ტრაგიკულად დაიღუპა. ავტოკატასტროფის შემდეგ, ფეხბურთელის ცხედარი მხოლოდ მე-13 დღეს იპოვეს. დარასელიას საკმაოდ საინტერესო პირად ცხოვრებაზე აღარ ვისაუბრებ, თუმცა საგულისხმოა, რომ გარდაცვალებამდე 7 წლით ადრე, ვიტალის სასიყვარულო რომანიც 13-ში, 1975 წლის 13 ნოემბერს დაგვირგვინდა ქორწილით. ამ ოჩამჩირელ ბიჭს უთამაშია და გაუტანია საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (სადაც ასევე მე-13 ნომრით თამაშობდა), დინამოს მაისურით კი ერთმანეთზე უკეთესი ბურთები გაჰქონდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ამ გოლის სილამაზეზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ დარასელიას, როგორც ფეხბურთელს, არ იცნობ. არა იმიტომ, რომ ის ლამაზი არ იყო – უბრალოდ მისგან უკეთესებიც გვინახავს, მაგრამ ასეთი უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი – არა, და არც არავისგან.

როგორც აღმოჩნდა, ახალკაცი მხოლოდ თამაშამდე შეცდა, როდესაც ის პესიმისტური ვარაუდი გამოთქვა, თორემ რაინშტადიონზე, დიუსელდორფში, მან ბრწყინვალედ იდირიჟორა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. ვფიქრობ, ეს ფაქტი ყველაფერს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. დრამატურგიულად, ჰოპეს გოლმა ისტორიული შეხვედრა უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა. მერე იყო გუცაევის გოლი. რამაზ შენგელიას ეფექტური მოძრაობებით ჩამოტოვებული ორი ფეხბურთელი, გადაცემა გუცაევზე, გოლი, კოტე მახარაძის მოკლე ფრაზა და პაუზა... როგორ მაინტერესებს, ამ პაუზის დროს მისი სახე, ფიქრები. თამაშის შემდეგ რეაქციაზე ბევრჯერ მსმენია მისი მონაყოლი, იმაზეც, თუ როგორ დაიბარეს მოსკოვში, მაგრამ აი ეს პაუზა რაღაც ჯადოსნური და საოცრად ემოციური იყო.

ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლი გააქვს ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან
ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩი – როგორ ჟღერს?! არადა, ტრიბუნაზე, ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 5000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამბობენ, ორჯერ მეტიც იყოო და მგონი ეგ უფრო სარწმუნოა. დინამოელების სანახავად დიუსელდორფში ბევრი ქართველი ჩავიდა და ეს იმ დროს, ხომ წარმოგიდგენიათ? ესენი იყვნენ სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ გადახვეწილი ქართველი ებრაელები და უბრალოდ ემიგრანტები, რომლებმაც, სანამ გერმანიაში მოხვდებოდნენ, არაერთი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს. ბიჭებმა დაუფასეს და მერე როგორ... გასახდელში შესულ დინამოელებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი რამ მოახერხეს. ამ დროს, მათ გათამაშებიდან უკვე გამოგდებული ჰყავდათ ისეთი გუნდები, როგორებიც იყო ვესტ ჰემ იუნაიტედი და როტერდამის ფეიენოორდი, მაგრამ იმის დაჯერება, რაც მოხდა, მართლა რთული იყო. გერმანიაში ეთამაშები გერმანელებს, ჯერ აგებ, მერე ათანაბრებ, სულ ბოლოს იგებ და გაძლევენ თასს, რომელიც საბჭოთა გუნდებიდან მხოლოდ კიევის დინამოს აქვს მოგებული და ისიც 7 წლის წინ. ქართველებმა შეძლეს ამის გაკეთება არა ისე, უფერულად, არამედ საოცრად შთამბეჭდავად და დამსახურებულად.

ხშირად მსმენია, მაშინ თბილისის დინამო საქართველოს ნაკრები იყოო. ერთი მხრივ, სხვა გუნდების ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან უხერხულია ამ მოსაზრების განვრცობა, მაგრამ დავუფიქრდეთ, ჩავუღრმავდეთ და მივხვდებით, რომ გარკვეულწილად მართლაც ასე იყო. ოჩამჩირელი დარასელია, ქუთაისელი შენგელია და სულაქველიძე, ზუგდიდელი გაბელია, ბათუმელი ხიზანიშვილი, თბილისელი ყიფიანი... ნოდარ ახალკაცს მართლაც საქართველოში საუკეთესოთა ნაკრები ჰყავდა და თან ისეთი, ერთი მეორეს რომ ავსებდა. ბიჭებს რთულად, მაგრამ მაინც ეძლეოდათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოსვლის საშუალება, ჩივაძე სულაც კაპიტანიც იყო, მაგრამ თითოეულის საუკეთესო მომენტები სწორედ თბილისის დინამოსთან და ყველაზე მეტად 1981 წლის 13 მაისთან არის დაკავშირებული.

ასე, გოლის ავტორების გარდა ყველა დინამოელზე რომ ვწერო, ახლა არ გამოვა, რადგან ძალიან ბევრია საწერი. ჯერ მხოლოდ დავით ყიფიანზე რამდენია სათქმელი... მაგრამ ერთ დიდ ადამიანს მაინც გამოვყოფ და ოდნავ მეტს მასზე ვისაუბრებ, პიროვნებაზე, რომელიც დარასელიას და ყიფიანის შემდეგ, ორი წლის წინ წავიდა ამ ქვეყნიდან.

რამაზ შენგელიას კარიერა ქუთაისში დაიწყო. მამის არაერთი თხოვნის შემდეგ, ის საბოლოოდ მიიღეს მოსამზადებელ ჯგუფში, თუმცა ძალიან დაზარებით – პატარა შენგელიას არ ეტყობოდა, რომ მისგან ფეხბურთელი დადგებოდა. თუმცა, შემდგომში ტორპედოს პირველ გუნდში დაწინაურებულმა, 75 თამაშში 29 გოლი გაიტანა და თბილისის დინამოს ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. შენგელიამ დინამოში 11 წელი გაატარა, იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე მისმა თანამედროვემ. ადამიანი გოლი, ქართველი მიულერი – ასეთი ფსევდონიმებით იცნობდნენ შენგელიას საქართველოში, საბჭოთა კავშირში და მის გარეთაც. მიულერი არ ვიცი, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ რასაც ჰქვია მეგოლე, ქართულ ფეხბურთს მისნაირი თითებზე ჩამოსათვლელი ჰყოლია. უკვე თავის მეორე სეზონში დინამოში, შენგელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მეორედ კი ეს წოდება ხსენებულ 1981 წელს ერგო, როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და თან ისე, რომ მეორე ადგილას გასულ ბლოხინს დიდი სხვაობით აჯობა. დინამოს 11 ნომერს იძახებდნენ ნაკრებშიც, სადაც მთლიანობაში 26 თამაშში 10 გოლის გატანა შეძლო, რაც ყველა ასპექტის გათვალისწინებით, კარგი შედეგია. თავდამსხმელი ესპანეთში, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს, სადაც ყველა მატჩში ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

1981 წელს, France Football-ის ტრადიციულ გამოკითხვაში, პირველი ადგილი კარლ ჰაინც რუმენიგემ დაიკავა, მიშელ პლატინი მეოთხე იყო, რამაზ შენგელია კი – მეშვიდე. სხვათა შორის, მერვე პოზიციაზე ალექსანდრე ჩივაძე გავიდა, ყიფიანი კი მე-11 გახლდათ.

თბილისის დინამოს ეს ვერცხლისწყალივით მოძრავი ფორვარდი თითქოს ვერ ელეოდა. წავიდა მაშინ, როდესაც არც დინამო იყო ძველებურად მაგარი და არც თავად შეეძლო 32 წლის ასაკში უწინდელივით სირბილი, მოტყუება, პასების დარიგება, გატანა...

იმ დროს, როდესაც 1990 წელს რამაზ შენგელიას კარიერა შვედეთში, ჰოლმსუნდში მთავრდებოდა, თბილისში დინამოს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით გამოსვლაზე იწყებდნენ ფიქრს. საბოლოოდ, ეს ისტორია ისეთივე ფეერიული ვერ გამოდგა – მას მერე, თბილისის დინამო დღემდე ერთი ნაბიჯითაც არ მიახლოებია 13 მაისის შემოქმედთა მიღწევებს. დღეს ფეხბურთი სულ სხვანაირია, სულ სხვანაირები თამაშობენ და თან სულ სხვანაირად...

ახლა, საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებ და ვფიქრობ, წელსაც გამარჯვებული ალბათ ისევ დინამო იქნება და მერე, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე უკიდეგანო და უსაფუძვლო იმედებით ყოფნა მოგვიწევს... ნეტავ ვცდებოდე, ნეტავ! დღევანდელი რეალობაა ასეთი, თან უკვე მერამდენე წელია.

ამ წერილის წერისას, ვიტალი დარასელიას გატანილ გოლს ვინ მოთვლის მერამდენედ შევხედე ახლა და ვფიქრობ, ზემოთ ის სისულელე რამ დამაწერინა?!. ეს გოლი მგონი ყველაზე ლამაზია, რაც ოდესმე მინახავს, სხვანაირად ლამაზი... და სუფთა ქართული...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები