ფარული ჩანაწერები

საია: ჟურნალისტის უფლებაა, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, საკითხის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი პასუხები გასცენ.

საია-ს განცხადებით, ჟურნალისტის უფლებაა, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო, ხოლო ჟურნალისტის დავალდებულება წარმოადგენს მისი გამოხატვის თავისუფლების ხელყოფას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. შესაბამისად, საია-ს განცხადებით, თუ ვინმე აიძულებს ჟურნალისტს ინფორმაციის გავრცელებას, შესაძლებელია ასეთი იძულება თავად შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ასევე, მას წყაროს დასახელება არც დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას ევალება. 

"ამ სტანდარტს იცავს მთელი რიგი საერთაშორისო აქტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, განმტკიცებულია საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლით, დაცულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შემადგენელ ნაწილს. მიუხედავად იმისა, თუ რა სტატუსით დაიკითხება ჟურნალისტი, მას ვერ შეეზღუდება წყაროს არდასახელების უფლება. ნათელია, რომ კანონით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს არა ჟურნალისტის სტატუსი გამოძიებაში, არამედ ინფორმაციის წყარო, რასაც ამ საკითხის სხვაგვარი განმარტება საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობის მნიშვნელობას მედიის თავისუფლებისთვის.

"ვინ ითვლება ჟურნალისტად? არც საქართველოს კანონმდებლობა და არც ევროპის სასამართლოს პრაქტიკა არ ადგენს ჟურნალისტის ან ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს. აღნიშნული ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება. ევროპის საბჭოს რეკომენდაცია R(2002)7 "ჟურნალისტთა უფლების შესახებ, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო" განმარტავს, რომ "ტერმინი "ჟურნალისტი" ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგულარულად ან პროფესიულადაა ჩართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გავრცელებაში მასობრივი კომუნიკაციების მეშვეობით". ევროპის საბჭოს R(2002)7 რეკომენდაციის განმარტებითი მემორანდუმის "ა" პუნქტში აღნიშნულია, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის მფლობელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ თვით ჟურნალისტი, არამედ მისი დამქირავებელიც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე De Haes and Gijsels v. Belgium (1997) მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ "ჟურნალის რედაქტორი და იქ მომუშავე ჟურნალისტი ერთნაირად სარგებლობენ უფლებით არ გაამჟღავნონ წყარო კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად." უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს რეკომენდაციის ეს პრინციპი ვრცელდება არა მხოლოდ ჟურნალისტზე და მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელზე, არამედ "სხვა პირებზეც", რომლებიც ასეთ ინფორმაციას მიიღებენ ჟურნალისტთან პროფესიული ურთიერთობის ფარგლებში, ნათქვამია რეკომენდაციის განმარტებით მემორანდუმში. ამდენად, თუ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, კონკრეტული დანაშაულების გამოძიებისას, ჟურნალისტის ცნებას ვიწროდ განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელებისას არ ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, აზრს დაკარგავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარანტიები", - ნათქვამია განცხადებაში.

საია აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება მათ შორის გულისხმობს ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა". ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად".

კითხვაზე, "პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების ეთერით გავრცელება შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს?", საია პასუხობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით აკრძალულია კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება.

"ნორმის ტექსტიდან ნათელია, რომ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის გამოყენება ან გავრცელება აკრძალულია არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უკანონოდ ხდება. იმისათვის, რომ ჩანაწერის გავრცელების კანონიერების საკითხი განისაზღვროს, უნდა გაირკვეს რა მოთხოვნას უყენებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "ჰ13" ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული მაუწყებლობის ქცევის კოდექსი თითოეულ სატელევიზიო და რადიო სადგურს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების თაობაზე" 2009 წლის 12 მარტის #2 დადგენილების 35-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად: "ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია". როდესაც ფარული ჩანაწერის ეთერში გაშვება ემსახურება მიყურადების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებას, ეს უდავოდ წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რა შემთხვევაშიც ჟურნალისტის ქმედება გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. ხოლო როდესაც ქმედება გამართლებულია, ის არ არის "უკანონო", ანუ სახეზე არ გვექნება სისხლის სამართლის კოდქსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება (ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება) იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად". გამოძიებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანი: როდესაც კერძო სუბიექტებს შორის საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ (რომ სახელმწიფო კვლავ უკანონოდ მიმართავს პირთა კერძო საუბრების ფარულ მიყურადებას) და არა კონკრეტულ პირთა კერძო საუბრის შინაარსის გამხელას, ეს წარმოადგენს ლეგიტიმურ საფუძველს მედიის მიერ ასეთი ჩანაწერის გავრცელებისათვის, რადგან მისი ცოდნა აუცილებელია საზოგადოებისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში და ემსახურება საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლის აუცილებლობის იდეას", - ნათქვამია განცხადებაში.

კითხვაზე, "ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება ყოველთვის კანონიერად უნდა ჩაითვალოს თუ არა?", საია პასუხობს, რომ ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელება ყოველთვის კანონიერად არ უნდა ჩაითვალოს.

"თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გამართლებული იყო ჟურნალისტის ქმედება და გავრცელების მიზანი და მიღწეული სიკეთე აღემატებოდა თუ არა იმ სავარაუდო ზიანს, რაც ფარული ჩანაწერის გავრცელებას მოჰყვა", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

ამასთან, საია-ს განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს კანონი არ ანიჭებს უფლებას, შეამოწმოს კერძო კომპანიაში იყო თუ არა დამონტაჟებული ფარული თვალთვალისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. 

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპია, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სამსახურს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის ფუნქცია, რაც უშუალოდ კანონით აქვს მინიჭებული. კანონის მე-4 მუხლში (2012 წელს მოქმედი რედაქციით) კი აღნიშნული იყო: აკრძალულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლებისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ჩვენ ამ უფლების მიმნიჭებელი ჩანაწერი ვერც საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებში ვნახეთ. შესაბამისად, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნდა მიუხედავად იმისა, შემოწმება ტელეკომპანიის თხოვნითა და ინიციატივით მოხდებოდა თუ ამ ინიციატივას თავად სპეციალური სამსახური გამოიჩენდა. აქვე საინტერესოა, არსებობდა თუ არა წერილობითი კომუნიკაცია ტელეკომპანიასა და სპეციალურ სამსახურს შორის და რა სამართლებრივი საფუძველი მიეთითა ამ შემოწმებას. გარდა ამისა, თუ არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა უკანონო ფარულ მიყურადებას, ანუ დანაშაულს, საკითხავია, თუ რატომ არ მოხდა ტელეკომპანიის მხრიდან პროკურატურის ან შსს-ს ინფორმირება", - აცხადებს საია.

კომენტარები