კულტურული მემკვიდრეობა

პრემიერი: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მუცოს სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოხდეს

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუცოს უნიკალურ ძეგლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში ჩავა პირიქითა ხევსურეთში და ადგილზე გაეცნობა ყველა პრობლემას. 

"ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს და არ დავუშვებთ, საფრთხე დაემუქროს ხევსურეთის და საქართველოს დარაჯად წოდებულ შუა საუკუნეების ამ უძველეს, ისტორიულ ძეგლს. კულტურული მემეკვიდრეობის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ყველა პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების ვალია. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში პირადად ჩავიდე პირიქითა ხევსურეთში და ადგილზე გავეცნო ყველა პრობლემას. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მუცოს - ამ უნიკალური ძეგლის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია მოხდეს", - აცხადებს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ციხე-ქალაქი მუცო განადგურების პირას არის. 

"მიუხედავად იმისა, რომ მუცო საქართველოს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაში იყო შესული, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა შესაბამისი თანხების გამოყოფა და ასეთი მნიშვნელობის ძეგლის დაცვა", - აცხადებს პრემიერი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მუცოში ნაგებობა ჩამოინგრა. ძეგლის გადარჩენის კომიტეტი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება. 

კომენტარები