ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

ოლანდი: ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საფრანგეთის პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას.

"ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას და სტიმული მივცეთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რა თქმა უნდა, საქართველოსა და საფრანგეთის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთ დიაპაზონზე არ ვართ, მაგრამ ერთი და იგივე მოთხოვნილებები გაგვაჩნია - გავიზიაროთ ტექნოლოგიები, ცოდნა და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები", - აღნიშნა ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის, ბოლო 2 წელია, საქართველომ ახალი კურსი აიღო

"შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის, ბოლო 2 წელია, საქართველომ ახალი კურსი აიღო. მშენებლობების, პროექტების, ინფრასტრუქტურების რაოდენობა იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო გაცვლებიც პროგრესის გზით მიდის. საფრანგეთის ექსპორტმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დასახულ რიცხვს გადააჭარბა. ქართული იმპორტის რაოდენობაც ასევე გაიზარდა, რაც მოწმობს იმას, რომ ურთიერთდინამიკა საკმაოდ მაღალია. როცა ამ პროგრესს ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მეტი გასაკეთებელი გვაქვს ერთად", - თქვა ოლანდმა სიტყვით გამოსვლისას.

ოლანდმა საქართველოს პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

"საქართველოს უამრავი სარგებელი გააჩნია, მაგალითად, ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური და გარანტირებული საკანონმდებლო ჩარჩო ფისკალური თვალსაზრისით. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც საქართველოს გააჩნია. მეორე - მისი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ სხვა ქვეყნებისაც.

მესამე პრიორიტეტი - საქართველოს მთავრობას აქვს კეთილი ნება, მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, გაატაროს და წარმატებით დაასრულოს წამოწყებული რეფორმები. რა თქმა უნდა, ეს ფრანგული საწარმოების უფრო მეტად დაინტერესებას გამოიწვევს. ეს იქნება ენერგიის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, კვების სფეროსა თუ ტურიზმის სფეროში", - აღნიშნა ოლანდმა.

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ხელშეკრულებას.

[ოფიციალური თარგმანი]

კომენტარები