ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

ოლანდი: თუ უკრაინის არჩევნები არ შედგება, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თუ უკრაინაში არჩევნები ვერ შედგება, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ ოლანდმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შეთანხმებამ სრული ასახვა ვერ ჰპოვა.

"2008 წელს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო და შეჩერებულიყო ომი, მაგრამ ვნახეთ, რომ ოკუპაციას მაინც აქვს ადგილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისევ მისაღწევია. მაშინ დადებულმა შეთანხმებამ, რეალურად, სრულად ასახვა ვერ ჰპოვა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა მიიღოს ტერიტორიული სარგებელი. ჩვენ სწორედ ამას ვგმობთ და ევროკავშირმა სწორედ ამიტომ სოლიდარობა გამოუცხადა ამ ქვეყანას. ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩატარდეს 25 მაისის არჩევნები, რომელმაც უკრაინაში უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი – კანონიერება და ის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ აუცილებლად მკაცრი პოზიცია უნდა გვქონდეს რუსეთთან მიმართებაში. ნახეთ, რომ სანქციების თვალსაზრისით დონეები შემუშავდა. მაგალითად, სანქციები უფრო და უფრო გამკაცრდება თუ უკრაინაში არჩევნები არ შედგება ან დესტაბილიზაციას ექნება ადგილი. საფრანგეთი, რა თქმა უნდა, სრულიად ჩართულია ამ პროცესში", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობის პროექტის შემუშავებაც უნდა იყოს.

"ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი ენერგეტიკული და უსაფრთხოების პროექტი უკრაინასთან მიმართებაში", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ 25 მაისის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის.

"შეიძლება ითქვას, რომ ის 100 პროცენტით ევროპული არჩევნებია", - დასძინა ოლანდმა.

კომენტარები