უკრაინის კრიზისი

ECB: რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ წელს 222 მილიარდ დოლარს მიაღწია

Ilya Pitalev / RIA Novosti

უკრაინის კრიზისის გამო კაპიტალის გადინებამ რუსეთიდან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 222 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აჭარბებს. ამის შესახებ, გამოცემაThe Telegraph-ის ცნობით, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ევროპის ცენტრალურ ბანკში (ECB) აცხადებენ, რომ რუსეთიდან კაპიტალის გადინების გამო მონეტარული პოლიტიკის გატარება გართულებულია. „რუსეთიდან კაპიტალის ძალიან დიდი გადინება გვქონდა, დაახლოებთ 160 მილიარდი ევრო (222 მილიარდი დოლარი)“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.

ამასთან, მანამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ  51 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოცემას მოჰყავს Standard Bank-ის წარმომადგენლის ტიმ ეშის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დრაგის მიერ დასახელებული მაჩვენებელი სწორია, „ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ბევრად მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ჰგონიათ“. მისი თქმით, ეს კაპიტალის გადინების ისეთივე მაჩვენებელია, რომელიც 2008 წლის კრიზისის დროს დაფიქსირდა.  

გამოცემასთან საუბრისას მოსკოვში მომუშავე კონსულტანტი კრის უიფერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ფინანსურმა ზარალმა ბოლო კვირეების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი აიძულა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეერბილებინა - კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მეზობელი ქვეყნის საზღვრებიდან ჯარებს გაიყვანს.    

„პუტინმა დიდწილად მიაღწია თავის მიზანს, რაც უკრაინის აღმოსავლეთის ფედერალიზაციას ითვალისწინებს. მას არ სურს გაანადგუროს საკუთარი ეკონომიკა და ახლა კარგად თამაშობს“, - მიიჩნევს უიფერი.

მისი ინფორმაციით, რუსეთში მომუშავე ევროპული კომპანიები, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შიშით, რისკების შემცირებას და საკუთარი თანხების რუსეთიდან გატანას ცდილობენ. რუსული კომპანიები კი საბანკო ანგარიშებს უცხოეთში ხსნიან, იმ შემთხვევისთვის, თუ მსხვილი რუსული ბანკები სანქციებით დაზარალდებიან. 

კომენტარები